დადგეს შს მინისტრის და პრემიერმინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას”. – აცხადებს ქარტია.

ქარტია მოითხოვს:

“ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;
ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;

დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა”.

შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს მას ძალადობრივი ჯგუფები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად გაუსწორდნენ. მას ოპერაცია დასჭირდა, დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი.

banner
წინა სტატიაში“გულისტკივილს გამოვხატავ ” – ღარიბაშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება
შემდეგი სტატია“ორი სასულიერო პირი სცემდა ლექსო ლაშქარავას”