ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 20, 2019 21:26

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მისი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

„ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 20, 2019 21:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,594
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics