ცხინვალის ე.წ. КГБ ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს

საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ საქმის გაყალბებას აგრძელებს. ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. КГБ-გამოაქვეყნა.

ე.წ. უშიშროების მტკიცებით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ე.წ. უწყება ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას პროვოკაციად აფასებს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებს.

ოკუპანტებს ჩანაწერები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქვთ გაკეთებული.

ასევე,ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

“დაკითხვის დროს ვ. გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ საზღვარზე სპეციალურად გადავიდა, რადგან აპირებდა მისვლას სოფელ მონასტერში არსებულ ეკლესიაში, თუმცა, ამასთან, ვერ შეძლო საუბარი თავის რელიგიურ შეხედულებებზე. გარდა ამისა, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა კითხვებისთვის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არის საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების მომხრე, საზღვრის გადაკვეთას აფასებს, როგორც საქართველოს მოქალაქის კანონიერ უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, ვ. გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქათველოს მოქალაქე, იტოვებს უფლებას აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა”, – აღნიშნავს ე.წ. КГБ.

banner
წინა სტატიაშივითარება სოლოლაკში – აქტივისტები ივანიშვილის ბიზნესცენტრის დაბოქლომებას ცდილობენ
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ნაგვის ურნა მიიტანეს