ჩვენ ვდგავართ მომენტის წინაშე, რომელზეც გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ არასდროს დადგებოდა – ანტონიუ გუტიერეში

ერთი ქვეყნის სამხედრო დანაყოფები როდესაც შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელები, ისინი საერთოდ არ არიან მშვიდობისმყოფელები, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა.

მისი განცხადების ტექსტი გაერო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გაერო-ს წესდების პრინციპები არ არის მენიუ. მათი შერჩევითი გამოყენება არ შეიძლება. წევრმა სახელმწიფოებმა ისინი ყველა მიიღეს და ყველამ უნდა შეასრულოს. ასევე მაღელვებს მშვიდობის შენარჩუნების დამახინჯებული კონცეფცია. ამაყი ვარ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების მიღწევებით, რომელთა დროს ბევრმა ცისფერჩაფხუტიანმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. როდესაც ერთი ქვეყნის სამხედრო დანაყოფები შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელები. ისინი საერთოდ არ არიან მშვიდობისმყოფელები.

უშიშროების საბჭოს და გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების თანახმად, გაერო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა გუტიერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, დღეს მსოფლიო აღმოჩნდა ბოლო წლების მშვიდობისა და უსაფრთხოების უდიდესი გლობალური კრიზისის წინაშე.

„ჩვენ ვდგავართ მომენტის წინაშე, რომელზეც გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ არასდროს დადგებოდა“, – აღნიშნა გუტიერეშმა.

მისი თქმით, ის უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინაში ბოლო მოვლენებით, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახშირებული დარღვევებით და მომდევნო ესკალაციის რისკით.

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის გარკვეული რაიონების ე.წ. დამოუკიდებლობა არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მან რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას გაერო-ს წესდების პრინციპების დარღვევა და მინსკის შეთანხმებებისთვის სასიკვდილო დარტყმა უწოდა.

„ამ კრიტიკულ მომენტში მოვუწოდებ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ და კანონის უზენაესობის აღდგენისკენ. ჩვენ გვჭირდება თავშეკავება და კეთილგონიერება. ჩვენ ახლა გვჭირდება დეესკალაცია. მოვუწოდებ ყველას თავშეკავებული ქმედებებისა და განცხადებებისკენ. დიალოგისა და მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნების დროა“, – განაცხადა ანტონიუ გუტიერეშმა.

banner
წინა სტატიაშიკანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი