ჩვენ რომ ომში ჩავერთოთ, დეკემბერში სტატუსი გარანტირებული გვაქვს – ეს ომი იქნება გამანადგურებელი საქართველოსთვის, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ – კობახიძე

ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გამო მიიღო, რომ ომში არის ჩაბმული.

„ომის და კანდიდატის სტატუსის კავშირი პირდაპირ იქნა აქცენტირებული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. მათ პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. სწორედ ომის გამო შესთავაზეს მას განაცხადის შეტანა და ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ჩემი განცხადება არაა, ეს არის ევროკავშირის ლიდერების განცხადება. სწორედ ამის გამო შეგვიძლია გამოვიტანოთ ძალიან ლოგიკური დასკვნა – საქართველო რომ ყოფილიყო ან ხვალ რომ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, როგორც უკრაინა, ამ შემთხვევაში ჩვენ გარანტირებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამის გარეშე მოვახერხებთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, ეს არის მარტივი ლოგიკა. ჩვენ შეგნებულად არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ ითხოვს და ვინ არა ჩვენი ომში ჩართვას. შეგახსენებთ, რომ სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ იყვნენ ისინი, ვინც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ათმაგად გაზრდიდა ომში საქართველოს ჩართვის რისკებს. მეორე – ისინი პირდაპირ ითხოვდნენ მოხალისეების თვითმფრინავების გაშვებას უკრაინაში, რაც ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას.

საქართველოში რომ დაიწყოს ომი, ეს რუსეთისთვის მძიმე იქნება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში. მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით – იქ არაფერი გართულდებოდა. საქართველოსთვის ეს ომი იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობს – კობახიძის პასუხი ოპოზიციას
შემდეგი სტატიაოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება, მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან – კობახიძე