ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. “ქართული ოცნების” დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო “საქართველოსთვის” წევრმა შოთა წურწუმიამ – 12, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

პირველი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იზორიას კანდიდატურას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა, თუმცა ვინ უცნობია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ოცნებამ” შეძლო და რომელიღაც ოპოზიციონერი მოისყიდა.

ჯუმბერ იზორიას კანდიდატურას დეპუტატები ხელახლა უყრიან კენჭს, რადგან თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ყველაზე მეტი ხმების მიმღებ კანდიდატს, ხელახლა უნდა უყარონ კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ენმ. გახარიას პარტიის გადაწყვეტილება კი ჯერ უცნობია.

ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციური შემადგენლობა ასეთია: ენმ-ს 7 წევრი ჰყავს, გახარიას პარტიას 7, ხოლო “ლელოს” -1 დეპუტატი.

ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაში30 ვერცხლად გაყიდული ოპოზიაცია- შოთა წურწუმიასა და ოთო შენგელიას პირველი კომენტარები
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში, რათა ხალხმა შვებით ამოისუნთქოს