ჭიაბერაშვილი: ექიმები მკურნალობის პროტოკოლის შეცვლას ითხოვენ

ის, ფაქტი, რომ მარნეულის საავადმყოფოში პაციენტი პნევმონიით იწვა და მას 4 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარდა, ძალიან დამაფიქრებელია. ექიმები დაჟინებით ითხოვენ “ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტში” (პროტოკოლი) COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტების შეცვლას.
შესაძლო შემთხვევის ერთ-ერთ კრიტერიუმად კვლავ ითვლება „სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე მოგზაურობა ჯანმოს მიერ რისკის ზონად მიჩნეულ ქვეყნებში ან კონტაქტში ყოფნა ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებთან ან სიმპტომების გაჩენამდე 14 დღის განმავლობაში კონტაქტში ყოფნა COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.”
მოგზაურობის და/ან კონტაქტის ისტორია უკვე აღარაა რელევანტური, რადგან ქვეყანაში უკვე ვირუსის შიდა გავრცელების ფაზაა.
საავადმყოფოს კარებში შესვლის მომენტიდან, საეჭვო სიმპტომების მქონე ნებისმიერ პაციენტთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს შესაბამისად ეკიპირებულ მედპერსონალს მკურნალობის განახლებული (!) პროტოკოლით. ეს სჭირდება პაციენტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას და ასევე მედპერსონალის დაცვას, რომელიც დღეს ყველაზე დიდი რისკ-ჯგუფია.
ვირუსის გავრცელებასთან ეფექტურად ბრძოლისათვის, და იმისათვის, რომ მარნეულის შემთხვევა სხვა საავადმყოფოშიც არ განმეორდეს, ქვეყანაში ხარისხიანი სწრაფი ტესტები უნდა შემოვიდეს. კორონავირუსთან ბრძოლის გერმანული და სამხრეთ კორეული წარმატებული სტრატეგია, რომელიც სწრაფ ტესტებს ეყრდნობა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სწრაფ ტესტებზე უარის თქმა ნიშნავს ვირუსის უფრო მეტ უკონტროლო და გაცილებით დიდი მასშტაბით გავრცელებას-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიახლა ისეთი დროა ყველა უნდა დავდგეთ პორადი ანგარიშსწორების მიღმა – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო