ჩემს გატაცებაში ყველაზე მეტი დანაშაული ივანიშვილს მიუძღვის… ჩამოვალ საქართველოში და მივმართავ პროკურატურას – მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი აპირებს, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სკანდალური განცხადების საფუძველზე, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს.

მუხთარლი ითხოვს, მის საქმეზე გოგაშვილმა ჩვენება მისცეს და დეტალურად გასაჯაროვდეს, როგორ შეასრულა 4-მა სახელმწიფო უწყებამ ბიძინა ივანიშვილის დავალება.

“ვეცდები, რომ სოსო გოგაშვილმა ჩვენება მისცეს ამ საკითხზე. ჩემს გატაცებაში 4 უწყება იყო ჩართული, მაგრამ ყველაზე მეტი დანაშაული ივანიშვილს მიუძღვის, რადგან გატაცება სწორედ მისი დავალებით მოხდა. ასევე, ვახტანგ გომელაურს, რომელიც გატაცების ორგანიზებას ახდენდა და კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან. ჩემს გატაცებამდე 15 დღით ადრე თბილისში ჩამოსული იყო აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის უფროსი. ის შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ის ხელმძღვანელებს. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გამიტაცეს. შემდეგ კი, როგორც შევიტყვე, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს 3 მილიონი დოლარი გადაუხადა. უახლოეს პერიოდში ჩამოვალ საქართველოში და ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მივმართავ პროკურატურას”, – ამბობს მუხთარლი.

საქმესთან დაკავშირებით სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარებაზე საუბრობს მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილიც:

“აუცილებელია, რომ გენერალურმა პროკურატურამ იმოქმედოს ეფექტურად, განახორციელოს გამოკითხვა, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა. ასევე, მოიძიოს ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ ინფორმაციას დაადასტურებს და გამოკითხოს ყველა ის პირი, ვისი გამოკითხვაც იქნება რელევანტური და შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იყოს უმოკლეს დროში მიღებული. ვისაც დანაშაულში მიუძღვის ბრალი, ყველამ პასუხი უნდა აგოს”, – თქვა უფლებადამცველმა.

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი აღიარება გაავრცელა. მის წერილში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და შემდეგ ამ მასალების წაშლა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.

წინა სტატიაშიწერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს – სარჯველაძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს