ჭავჭავაძის #5 მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

კომპანია “ხიმინჯ სერვისის დირექტორს” საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს სამშენებლო ნორმების დარღვევით ჭავჭავაძის 5 ნომერში, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეში ბრალდებული ოთარ ცნობილაძის ადვოკატმა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა რა დააკმაყოფილა. უფლებადამცველი გიორგი ყიფშიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი.

„ჩვენი შეთავაზება იყო გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით. სამწუხაროდ მოსამართლემ არ გაითვალისწინა. მიგვაჩნია, რომ საფუძველი მისი პატიმრობის საერთოდ არ არსებობდა, ბუნებრივია მარტო ეს ადამიანი და ეს კომპანია ამ უსაფრთხოების ნორმებს ვერ დაიცავდა, აქ სხვა ვინმესაც უნდა ეზრუნა ამაზე. მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩვენ თავს ვიკავებთ რომ რაიმე კომენტარი სხვის პასუხისგებაზე გავაკეთოთ,“-განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

ჭავჭავაძის 5 ნომერში შემთხვევა 31 მარტს მოხდა, რასაც ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამშენებლო ობიექტზე ჩამოშლილმა მიწამ ისინი ქვეშ მოიყოლა. ერთ -ერთი გარდაცვლილის ედუარდ გავრიშევის დედა აცხადებს, რომ პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა და კომპანიამ, რომელსაც წვლილი მიუძღვის ჭავჭავაძის 5 ნომერში დატრიალებულ ტრაგედიაში.

„8 მეტრში ჩემი შვილი და ის ბიჭი იყო და ზემოდან დანადგარებს ამუშავებდნენ ტრაქტორს და რაღაცეებს ამუშავებდნენ და ჩაიტანა მიწამ. ჩემ შვილს ერთი ადგილი არ ჰქონდა მთელი. დამტვრეულ-დამსხვრეული იყო. უნდა დაისაჯოს. ჩემი შვილის გარდა კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, მაგრამ ამათთან ერთად კიდევ დაიღუპებოდნენ ის 6 სულიც და კიდევ ჩემი შვილიშვილი 17 წლის მამასთან ერთად მუშაობდა. ესენიც დაიღუპებოდნენ ჩემს შვილს, რომ არ ეთქვა – “თქვენ წადით ჩაიცვით ტანსაცმელი გასახდელში, ამ ნაგავს მე და დათო გადავყრით და გამოვალთ. მაგ დროს მოხდა ეგ ამბავი,“-განაცხადა ზინა გავრიშევმა.

banner
წინა სტატიაში“მესმის მონპელიეში მყოფი ადამიანების, გაჭირვებულები არიან, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს მათი გაჭირვებით მანიპულირებას”
შემდეგი სტატიაჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ კიდევ ერთხელ სამუშაო ფორმატში შეკრებილიყავით დეპუტატები – ომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს