ჩაშლილი მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ხმები ცოტა გადაჭარბებულია

ჩაშლილი მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ხმები ცოტა გადაჭარბებულია, ნებისმიერ შემთხვევაში, ამას მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ისე ამბობს, რომ არ ასახელებს რა მოლაპარაკებაზეა საუბარი და ვინ ჩაშალა ის, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ კონფლიქტების გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკებაა.

„პროცესში ვმონაწილეობ, მაინტერესებს, მგონია, მოლაპარაკება ერთადერთი გზა არის კონფლიქტების გადაწყვეტის. შესაბამისად, როცა მეუბნებიან, რომ იქ ვიღაცამ მოლაპარაკება ჩაშალა, მაინტერესებს, ეს მოლაპარაკება ვინ ჩაშალა და თუ ასეა, ზოგადად, არსებობს თუ არა შანსი, რომ გაფუჭებული საქმე გამოვასწოროთ. ზოგადად, ძალიან ცნობისმოყვარედ ვუყურებ ამ საკითხს და ველოდები პასუხს. ან უნდა ითქვას, ეს ყველაფერი ტყუილია, ან დასახელდეს ხალხი, ვინც მოლაპარაკება ჩაშალა “, – განაცხადა ხვიჩიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ხომ არ გაქვთ რამე ვერსია, ვისთან იყო მოლაპარაკება და რამ ან ვინ ჩაშალა ის“, ხვიჩიამ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, თუმცა ვაშაძე მას ვერ იგულისხმებდა, რადგან მოლაპარაკება არ ჩაუშლია.

„წარმოდგენა არ მაქვს, ბატონი გრიგოლის თავში რა იდო, როდესაც ამას საუბრობდა, ჩემი აზრით, მე ვერ მიგულისხმებდა, რადგან მე არ ჩამიშლია. ბევრი ადამიანი არსებობს როგორც მისი პარტიის შიგნით, ისე მის გარეთ, რომელზეც შეიძლება ბატონი გრიგოლი ამბობდეს, შეუძლებელია, ამაზე ვიმარჩიელოთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ დიპლომატების ჩართულობით დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, რა გახდა ჩაშლის მიზეზი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია სწორედ ამ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში კორონავირუსით მძღოლი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა