,ჩართული ვართ საადვოკატო პროცესში, რათა სკეპტიკოსების საწინააღმდეგოდ დადასტურდეს, რომ ნატო-ს კარი ღიაა”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჰოლანდიის, ალბანეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები ჰალიფაქსის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯანინ ჰენის-პლასჩერტი, ალბანეთის თავდაცვის მინისტრი მიმი კოდელი, მაკედონიის თავდაცვის მინისტრი ზორან იოლევკსი და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრი მილიცა პეიანოვიჩ-დურიშიჩი კანადაში საერთაშორისო ფორუმს ესწრებიან.
შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების განხორციელებაში ჰოლანდიის წვლილზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. თავდაცვის მინისტრმა ჯენინ ჰენის-პლასჩერტი საქართველოში მოიწვია.
“ეს კონფერენცია იძლევა საშუალებას, რომ ორმხრივ ფორმატებში ბევრი არაფორმალური შეხვედრა გვქონდეს. ვისაუბრეთ ალბანეთის თავდაცვის მინისტრთან, რომელსაც დეკემბერში ვეწვევით. შეხვედრისას ვიზიტის დეტალები დავაზუსტეთ. საუბარი გვქონდა ასევე ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრთან – ჰოლანდიისგან ჩვენ ვითხოვთ მეტ თანამონაწილეობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ჯანინი უკვე კონკრეტულად ჩაერთვება ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. ისიც დავპატიჟეთ საქართველოში და რამდენიმე კონკრეტულ ფორმატზე დავიწყეთ საუბარი, რომლის ფარგლებში შეიძლება საქართველოში დიდი ღონისძიება გავმართოთ, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების გაგრძელებაზეც. შევხვდით მაკედონიის თავდაცვის მინისტრს, ასევე მონტენეგროს თავდაცვის მინისტრს, რაც ამ მომენტისთვის ყველაზე ცხელი საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნატოს “ღია კარის” პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადასტურდება პირველ დეკემბერს, მინისტერიალის დროს, სწორედ, მონტენეგროს ნატო-ში მიწვევით. ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც ველოდებით ნატო-სგან. თავდაცვის მინისტრები აქტიურად ვართ ჩართული საადვოკატო პროცესში, რათა ყველა სკეპტიკოსის საწინააღმდეგოდ დადასტურდეს, რომ ნატო-ს კარი ღიაა” , – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ აძვიდან 3 ადამიანი გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ქართველ ხალხს გიორგობას ულოცავს