ცესკოს თანამშრომელი თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს

“ცესკოს” ყოფილი თანამშრომელი, ივანე ბურდული, ამომრჩეველთა ბინაზე არარსებული, უცხო პირების მიწერას იუსტიციის სამინისტროს უკავშირებს. ბურდულის თქმით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა სიებს სწორედ იუსტიციის სამინისტრო ამუშავებს და “ცესკოს” გადასცემს, ეს სიები კი, საარჩევნო მანიპულაციის საგანი ხდება. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარში” ისაუბრა.

“ძალიან ბევრი ადამიანის გულისტკივილი იყო ამ არჩევნებზე, რომ იგი თავის მისამართზე აღმოაჩენდა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო ჩაწერილი, ნაცვლად მხოლოდ ოჯახის წევრებისა, შესაბამისად, ეს ბოლო პერიოდი იყო და ვეღარ ახდენდა ამომრჩველი ამაზე რეაგირებას. ეს ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ ეს ხალხი არის “მიწერილი”, – ამბობს ივანე ბურდული.

ივანე ბურდული იუსტიციის სამინისტროში კონკრეტული პირების სახელს და გვარს არ ასახელებს, თუმცა, ფიქრობს, რომ პროცესში მთელი სისტემაა ჩართული.

როგორც ივანე ბურდული ამბობს, იუსტიციის სამინისტროდან “ცესკოში” გაგზავნილი სიები შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებს მიეწოდება. არსებობს ორი სახის – კედლის და სამაგიდო – სიები. კედლის სიები საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრეა გაკრული, ხოლო სამაგიდო სიები, ახალი საარჩევნო ცვლილების მიხედვით, კომისიას 12 საათით ადრე გადაეცემა, რაც მისი შემოწმების შესაძლებლობას აღარ იძლევა.

სამაგიდო სიებსა და კედლის სიებს შორის არსებული შეუსაბამობა კი, ივანე ბურდულის თქმით, მანიპულაციის საშუალებას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ ივანე ბურდული “ცესკოში” საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 5 ნოემბერს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაივანიშვილის მიზანია, ძალაუფლება გადააბაროს უტას, ბერას, პინგვინს და ზებრას – გიორგი კაპანაძე