ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პროცესი დაასრულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პროცესი დაასრულა. საოლქო კომისიაში ათასამდე საჩივარი იყო შესული, აქედან ზოგიერთი სრულად დაკმაყოფილდა, ზოგი კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საჩივრების განხილვა გაგრძელდება ასევე სასამართლოშიც.

“არსებული საჩივრებიდან დაკმაყოფილდა, დაახლოებით, 294, არ დაკმაყოფილდა 317, განუხილველად დარჩა 188. ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული 68 საჩივარი, 5 საჩივარი თავად მხარეების მიერ იქნა გამოთხოვილი საოლქო საარჩევნო კომისიებიდან“- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

მიქელაძე ასევე აღნიშნავს, რომ, მეორე ტურები უნდა ჩატარდეს არჩევნების დღიდან 25 დღის განმავლობაში და ბოლო ვადა არის 2 ნოემბერი. მისივე თქმით, ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციას არ გამოუქვეყნებია თარიღი, იქედან გამომდინარე, რომ პირველი ტურის შედეგების შეჯამება არ მომხდარა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე ითხოვდა 200 უბანზე ხმების გადათვლას თუმცა ეს მოთხოვნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

“კონკრეტულად ამ სუბიექტის საჩივრები არ იქნა დაკმაყოფილებული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გასაჩივრება სასამართლოში იგივე მოთხოვნით და უკვე დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ირაკლი ჭყოიძემ.

banner
წინა სტატიაშიყიზილაჯლოში დაკავებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატია,,შავი პარასკევი,, თურქეთში…