ბუნდოვანი კრიტერიუმები, უნდობლობა – ვენეციის კომისიის დასკვნა კობახიძის კანონპროექტზე

region
: region აპრილი 16, 2019 17:29

ბუნდოვანი კრიტერიუმები, უნდობლობა – ვენეციის კომისიის დასკვნა კობახიძის კანონპროექტზე

ვენეციის კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება, დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნაში ვენეციის კომისია კობახიძის კანონპროექტს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს და პრაქტიკულად, რეკომენდაციებით სრულად ცვლის კანონპროექტის არსს.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ექსტრაორდინარულია ვითარება, რომლის დროსაც მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია უზენაესი საბჭოს სრულად ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება და ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მხოლოდ იმდენი კანდიდატი დანიშნონ, რამდენიც აუცილებელია უზენაესი საბჭოს მუშაობის პროცესისათვის.

ამასთან, ვენეციის დასკვნა წერს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მნიშვნელოვანი უნდობლობით სარგებლობს.

წაიკითხეთ ვრცლად ვენეციის კომისიის დასკვნითი ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები:

“საქართველოს უზენაესი სასამართლო ყველაზე მნიშვნელოვანი და ბოლო ინსტანციაა. მოქმედი კანონმდებლობითა და შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ამ სასამართლოს სრულიად ახალი შემადგენლობა ეყოლება 18-დან 20 ახალი მოსამართლით, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ აირჩევს მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის საშუალებით.

ვენეციის კომისიამ თბილისში გამართული შეხვედრების ფარგლებში შეიტყო, რომ იუსტიციის უზენაესი საბჭო საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში საკმაოდ დაბალი ნდობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია არ არის იმ პოზიციაში, რომ შეაფასოს, ნდობის ნაკლებობის ნამდვილობა, ისეთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოლა, რომელსაც არ აქვს სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა და არჩევნებს შორის პერიოდში ერთი პოლიტიკური უმრავლესობის მიერ თითქმის ყველა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნა საფრთხეს შეუქმნის მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ნდობის მიღებას, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში უნდა სარგებლობდეს ისეთი ინსტიტუტი როგორიც უზენაესი სასამართლოა.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა განიხილოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის ვადა და პარლამენტმა მხოლოდ იმ რაოდენობით მოსამართლეები უნდა დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში, რაც აბსოლუტურად აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის.

თუ რამდენიმე ახალი მოსამართლეა საჭირო მისი მუშაობისთვის, ეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს. ხოლო უფრო მეტი მოსამართლე, შესაძლოა, დანიშნოს იმ პარლამენტმა, რომელიც მომდევნო არჩევნების დროს აირჩევა. ასეთმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ორი რამ გამოიწვიოს – უზენაეს სასამართლოზე არსებული ტვირთი შეამსუბუქოს და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ნდობა და პატივისცემა, რომელსაც ის გრძელვადიან პერსპექტივაში დაიმსახურებს.

კანონპროექტი რამდენიმე კუთხით უნდა გაუმჯობესდეს. მთავარი რეკომენდაციებია:

• უფრო მაღალი ასაკის მოთხოვნა და მეტი ყურადღების გამახვილება კანდიდატის გამოცდილებაზე ისევე, როგორც დასაშვებობის კრიტერიუმებში უნდა იყოს განსჯისუნარიანობა, დამოუკიდებლობა და მრავალფეროვნება.

• უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნა, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ “სამართალწარმოებაში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტებს” შეუძლიათ იყვნენ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები. ასეთი კვალიფიკაციის მქონე ადამაინებს არ უნდა ვაიძულოთ ისხდნენ გამოცდაზე, რათა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ კანონთან მუშაობა, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობაში აუცილებელია.

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ფარული კენჭისყრის ჩატარება უნდა გაუქმდეს; კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამყარებული. კანდიდატები რეიტინგში უნდა დალაგდნენ იმ ქულების მიხედვით, რომლებსაც ისინი შეფასების პროცესში დააგროვებენ. ამით შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტში წარადგინონ მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები ამ სიიდან.

• კანდიდატების შერჩევისა და გარიცხვის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს.

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, გათავისუფლებული უნდა იყოს ყველა პროცედურისგან, რომელიც კანდიდატების შერჩევასა და ნომინირებას ეხება”.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს.

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას “ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას” უწოდებს.

region
: region აპრილი 16, 2019 17:29

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


15,573
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics