ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს და 3 ადამიანს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს სანქციები დაუწესა. თემთა პალატის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს: როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი.

ასევე, სანქციები შეეხება 3 პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.

“მე ჩავედი კიევში და შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის 1-ლ თებერვალს. ის კიდევ ერთხელ ვნახე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ტელეფონით ველაპარაკე გუშინ, პრეზიდენტ პუტინის სიტყვით გამოსვლიდან მალევე.

იმედი მაქვს, თემთა პალატა დამეთანხმება, რომ ეს სწორი იყო – დავუდასტურე მას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა.

ახლა დიდი ბრიტანეთი და ჩვენი პარტნიორები დავიწყებთ სანქციების დაწესებას როგორც კონკრეტული პირებისთვის, ისე რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანიზაციებისთვის”. – თქვა ბორის ჯონსონმა.

სანქცირებულ ადამიანების აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ჩასვლა, ასევე, გაიყინება მათი ის აქტივები, რომლებსაც ამ ქვეყანაში ფლობენ. დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალება მათთან თანამშრომლობა.ბორის ჯონსონის თქმით, ეს რუსეთისთვის განკუთვნილი სანქციების მხოლოდ პირველი ნაწილია.

“იმედი მაქვს, რომ სანქციების შემდგომი ნაწილი აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობით დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ ვითარების ესკალაცია მოხდება”. – ამბობს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

ბორის ჯონსონმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთმა გააორმაგა სამხედროების რაოდენობა ესტონეთში, სადაც მათი არმია NATO-ს ძალებს ხელმძღვანელობს.

მისივე განცხადებით, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მეთაურებს უთხრა, რომ ბრიტანეთი მზად არის, გაზარდოს სამხედროების რიცხვი მათი უსაფრთხოების დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ NATO ამას მოითხოვს.

“პუტინის ავანტიურა უკრაინაში აუცილებლად უნდა ჩაიშალოს. ეს მოითხოვს შეუპოვრობას და ერთიანობას და დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ერთიანობა შენარჩუნდეს”. – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩთან ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
შემდეგი სტატიავოლსკი: ფაქტია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება