ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთს მობილიზებული და გაწვეული პერსონალის წვრთნასთან, აღჭურვასა და განლაგებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს

რუსეთს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს გაწვეული და მობილიზებული პერსონალის განთავსების, წვრთნისა და აღჭურვის კუთხით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

„2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას შემოდგომის გაწვევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს 120 000 ახალწვეულის წვრთნას. ამ ახალწვეულების რუსეთის ფარგლებს გარეთ განლაგება კანონით აკრძალულია. ისინი განსხვავდებიან იმ პირებისგან, რომლებიც მობილიზებულები არიან 2022 წლის 21 სექტემბრის ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანების ფარგლებში“, – აცხადებენ უწყებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, რუსეთში გაწვევის ციკლი ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან დაიწყება.

„გაწვევის ციკლი ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან, 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყება. ციკლის დაგვიანებული დაწყება მიუთითებს, რომ რუსეთის უნარი გაწვრთნას და აღჭურვოს ახალწვეული პერსონალის დიდი რაოდენობა მზარდ ზეწოლას განიცდის“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე შეფასებით, რუსეთს მობილიზებული და გაწვეული პერსონალის წვრთნასა და აღჭურვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

„გამოწვევები მობილიზებული და გაწვეული პერსონალის განთავსებასთან, წვრთნასთან, აღჭურვასა და განლაგებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. რუსეთის ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ სისტემებში არსებული ხარვეზები მომავალშიც ძირს გამოუთხრის ამ ძალისხმევას“, – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი – ილონ მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა