ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება, რჩება რეკრეაციული ტერიტორიის ფარგლებში

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 20:47

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება, რჩება რეკრეაციული ტერიტორიის ფარგლებში

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმით ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი ეცვლება.

„ამ ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება. ბოტანიკური ბაღი რჩება რეკრეაციული ტერიტორიის ფარგლებში. გარდა ამისა, ბოტანიკურ ბაღს აქვს ძალიან მაღალი სტატუსი. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც გამორიცხავს მის გასხვისებას და გარდა ლანდშაპტური მშენებლობისა, მასში სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია თავისი იურიდიული სტატუსით უნიკალურია, რომლის მსგავსი თბილისში არ არსებობს.

„შესაბამისად, მტკნარი სიცრუეა და ასე ვთქვათ, სრულიად გაუგონარია მოსაზრება იმის თაობაზე, ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიის ფუნქციური ზონირება დავუკავშიროთ ნებისმიერ სხვა საკითხს. ლანდშაპტური განაშენიანება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს ყოველ წელს, ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. მათ შორის, მიმდინარე წელს ადმინისტრაციული შენობების მთლიანი რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. ასევე, ბოტანიკური ბაღის საზღვრები გავზარდეთ 17 ჰექტარი, მივუერთეთ ბოტანიკურ ბაღს 17 ჰექტარი, სადაც ველობილიკის მოწყობა იგეგმება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილს სტატუსი ეცვლება და ამ ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისთვის მიერთება იგეგმება, თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს სრული აბსურდია.

„კანონმდებლობაში კარგად უნდა გაერკვეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსგავს სიცრუეს და აბსურდს იძახის. ბოტანიკურ ბაღს აქვს ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია მასში მშენებლობის განხორციელებასთან, გასხვისებასთან, არის მტკნარი სიცრუე. სავარაუდოდ ეს გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციამ ვერანაირი ნაკლი ვერ უპოვა გენგეგმას და ასე ვთქვათ, სიცრუის რეჟიმში გადავდივართ, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან კომისიის სხდომაზე მათ პრაქტიკულად ძალიან მოიწონეს გენერალური გეგმა, რომელიც ჩვენს წარვადგინეთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 20:47

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics