თბილისის საკრებულო ხვალინდელ სხდომაზე თბილისის ახალ გენგეგმას დაამტკიცებს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 20:59

თბილისის საკრებულო ხვალინდელ სხდომაზე თბილისის ახალ გენგეგმას დაამტკიცებს

თბილისის საკრებულო ხვალინდელ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალ გენერალურ გეგმას დამტკიცებს.სხდომაზე საკითხს განსახილველად თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე წარადგენს. დეპუტატები ხვალვე ასევე „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების“ ახალ წესებსაც მიიღებენ, რისთვისაც საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილებებს შეიტანენ. მერიაში აცხადებენ, რომ ეს თბილისს ქაოტური მშენებლობებისგან დაიცავს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის პროექტი ქალაქის ტერიტორიების განვითარების ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კომპაქტური, მწვანე, კარგად შეკავშირებული და მედეგი ქალაქი.

როგორც 12 მარტს საკრებულოში გამართულ კომისიების გაფართოებულ სხდომაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, დოკუმენტი ეფუძნება ქალაქგეგმარების 33 მიმართულების განვითარებას. ასევე, ითვალისწინებს ეკონომიკის მიმართულებით 11 განსახორციელებელი აქტივობის მომზადებას, ტრანსპორტის კუთხით – 15-მდე დოკუმენტის, გარემოს დაცვის კუთხით – 10-მდე დოკუმენტის შემუშავებას და ასე შემდეგ. ახალმა გენგეგმამ თბილისის განვითარება მომავალი 10 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

ამასთან, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მათი ფრაქცია დოკუმენტს აღნიშნული სახით მხარს არ დაუჭრს, რადგან „მშენებლობის კოეფიციენტებთან დაკავშირებით ხვრელები არსებობს“. საკრებულოს უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი თბილისის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს და იცავს, როგორც ქალაქის განვითარების, ისე მოქალაქეების ინტერესებს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე “სითი ინსტიტუტ საქართველომ“ მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი ორგანიზაციას 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა, თუმცა დოკუმენტის რამდენჯერმე დახარვეზების გამო მისი მიღება გაჭიანურდა. დოკუმენტის შემუშავება ბიუჯეტს 2 მილიონ 800 000 ლარი დაუჯდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 20:59

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


13,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics