ბოკუჩავა – დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, საქართველოს ევროპისკენ გზა ჩაეხერგა

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის სენატორ რიჩს და შაჰინს ძალიან კარგად ესმით, რომ 2024 წლის არჩევნები ან ნებისმიერი ვადამდელი არჩევნები, რომელიც შეიძლება, ჩატარდეს, იქნება გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ, 2024 წლის არჩევნებისთვის.

ბოკუჩავას თქმით, „ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, საქართველოს ევროპისკენ გზა ჩაეხერგა“.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება. ბუნებრივია, იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო მობილიზაცია და დარწმუნებული ვარ, მათ შორის ეს ორი სენატორი, რომელიც ყველაზე გავლენიანია აშშ-ის სენატში ჩვენს რეგიონთან მიმართებაში, აუცილებლად იქნებიან საქართველოში, რომ დააკვირდნენ არჩევნებს, უზრუნველყონ, რომ აისახოს ამ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება და შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავლის შანსი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მკვდარზე „ვენოკია“
შემდეგი სტატიაშემდეგი თქვენ იქნებით, დედამო**ნული ქართველები” – “ვაგნერელების” მუქარა ქართველებს (ვიდეო)