ბოკერია ზურაბიშვილზე: ჩემი აზრი არ შემიცვლია

‘’ზურაბიშვილი საჭიროდ თვლის თავი დაიზღვიოს და ივანიშვილის რეჟიმისგან დისტანცია დაიჭიროს’’ – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებებს.

როგორც ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ზურაბიშვილს არც გავლენა აქვს და არც პასუხისმგებლობა აუღია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ჩემი აზრი არ შემიცვლია. გუშინაც ვთქვი და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. სიმპტომატური აქ ის არის, რომ ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა საერთაშორისო იზოლაციაში და ქვეყნის შიგნით, საკუთარ მოქალაქეებთან, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს. ეს ნიშანდობლივია, მეტი ეს არაფერს ნიშნავს. ზურაბიშვილს არც გავლენა აქვს და მოვლენებზე პასუხისმგებლობა არც არასდროს აუღია“, – განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოელის თუ არა სანქციებს, ‘’ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თავად არაფერს ელის, თუმცა მიიჩნევს, რომ საგანგაშოა ვითარება, როდესაც დასავლეთისგან ასეთი კრიტიკული განცხადებები ისმის.

„ის, რომ „გავრილოვის ღამის“ და ახლა განსაკუთრებით, ბოლო მოვლენების ფონზე, თავისუფალ სამყაროში საქართველოსნაირ ქვეყანაზე მისი მთავრობის წინააღმდეგ სანქციები უკვე განხილვის საგანია, ეს არის კატასტროფული ვითარება, რომელიც უნდა შევცვალოთ. ჩვენ გვჭირდება ვითარება, როდესაც საქართველოს მთავრობა სანქციებისგან კი არ იცავ თავს, არამედ ისეთი მთავრობა გვყავს, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და ევროკავშირთან დავახლოვდეთ. დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს ნებისმიერ, მათ შორის პუტინის პოზიციების გაძლიერების ფასად და თავს იცავს შესაძლო სანქციებისგან. ეს არის დიაგნოზი და კატასტროფა “,- განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „თუ ქვეყანას დამოუკიდებელი სასამართლოს ეშინია, მაშინ ევროკავშირში მისი ადგილი არ არის“.

„დასავლეთს და თავისუფალ სამყაროს სურს, საქართველო იყოს მისი ნაწილი. როცა ხალხის არჩევანს აკეთებს და მიისწრაფვის, ბუნებრივია, იქ არის თამაშის წესები. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრი არის პროდასავლური, ჩვენს მთავრობას უნდა ფორმალურად ისაუბროს, ვითომ ევროკავშირისკენ, ნატოსკენ მიისწრაფვის, მაგრამ რეალურად, საქმეს აფუჭებს. ამ წინააღმდეგობის გამო გვაქვს ეს კრიტიკა და ამაზე მითითებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტიც“,-აღნიშნა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიშემდეგ კვირებში სიკვდილიანობა კიდევ უფრო გაიზრდება! – ბიძინა კულუმბეგოვის შემაშფოთებელი პროგნოზი
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი: პრეზიდენტის პოზიცია არის სწორი