ნაცვლიშვილი: პრეზიდენტის პოზიცია არის სწორი

ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საერთაშორისო კრიტიკას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიც შეურთდა, რომელმაც თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა და იმ ნეიტრალური შემფასებლების მხარე დაიკავა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულ არასახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე საუბრობენ.

„პრეზიდენტის პოზიცია არის სწორი, რადგან სახელმწიფოს მეთაური თავისი კონსტრუქციული როლიდან გამომდინარე და შეთანხმების ხელმოწერის ბოლო ფაზაში ჩართული მხარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობას ატარებს. პრეზიდენტის გზავნილები სრულ თანხვედრაშია იმ პოზიციასთან, რომელიც მედიატორებსა და ნეიტრალურ მხარეებს აქვთ. პრეზიდენტს ჰქონდა ღია აქცენტები იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან საგარეო კურსის სერიოზული დარტყმის ქვეშ დაყენებას. შეიძლება, კრიტიკულად ვაფასებდეთ პრეზიდენტის მიერ აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს და შეიძლება, სამომავლოდ მისი პოზიციები იყოს შეფასებული კრიტიკულად, მაგრამ უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დაიკავა ცალსახა და ცხადი პოზიცია.

უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ამ სახელმწიფოს მეთაურმა თავის საჯარო გამოსვლაში ღიად დააფიქსირა საგარეო კურსისთვის შექმნილი საფრთხეები, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა ქმნის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია ზურაბიშვილზე: ჩემი აზრი არ შემიცვლია
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანეს