მე ბიზნესწილების დავაში არ ვმონაწილეობ

“არ ვიცი, რუსთავი 2-ის სამართლებრივი მფლობელი ვინაა, არც ის ვიცი, ვინაა პოლიტიკური მფლობელი, მაგრამ ვიცი, რომ რუსთავი 2-ის, იმედის, მაესტროს, კავკასიის და ყველა ტელეკომპანიის პროდუქტის მფლობელი არის საზოგადოება”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა “იმედის დროში” სტუმრობისას გააკეთა.

მისი თქმით, მან არ იცის, როდის და რატომ შეიცვალა რუსთავი 2-ის მფლობელები. “მე ბიზნესწილების დავაში არ ვმონაწილეობ. აქ იმ საზოგადო სიკეთეზეა ლაპარაკი, რასაც თქვენ – ტელევიზიები ქმნით”, – თქვა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის აზრით, რუსთავი 2-ის გაჩერებით ქვეყნის დემოკრატია დარტყმის ქვეშ დადგება. “რუსთავი 2-ის გაჩერებით ჩვენ ძალიან დიდი დარყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიას და საერთაშორისო იმიჯს. ორივე უაღრესად მნივნელოვანია. რუსთავი 2-მა დააფიქსირა, რომ ის არის პროდასავლური არხი. ეს ძალიან მნიშვნლოვანია. სწორედ ამიტომ სენსიტიურობა რუსთავი 2-ის მისამართით იზრდება”, – თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა, ასევე, 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის დარბევა გაიხსენა და თქვა: “2007 წელს, როცა ტელეიმედი დაარბიეს, ვთქვი, რომ ეს სააკაშვილისთვის ტრაგიკული შემთხვევაა, რომლისთვისაც ის გადაიხდის და ასეც მოხდა. 2012 წელს ჩვენ მოვედით და ვთქვით, რომ დამთავრდებოდა მოსმენები, შანტაჟი, დაპატიმრებები და ა.შ. 2012 წლის მერე ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ მიდგომა, მაგრამ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის მოპოვებული სამუდამოდ, ამიტომაც მუდმივად უნდა ვიყოთ ფხიზლად”.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსთავი 2 ერთადერთი თავისუფალი ფანჯარა მედიაში, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ის ყველა ტელეკომპანიის ეთერში თავს თავისუფლად გრძნობს. „მე არც ერთ ტელევიზიაში არ მიგრძვნია, რომ არათავისუფალ გარემოში ვარ. ჩვენთვის იქნებოდა მართლაც სერიოზული პრობლება, თავისუფლების კუნძულები რომ არსებობდეს ან მხოლოდ ერთი არხი იყოს თავისუფალი“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს, “რუსთავი 2”-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიკონსიტუცია ერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება
შემდეგი სტატიამარტო წულუკიანის პრესკონფერენცია რომ გააგზავნოთ, უკვე ეს არის დასტური იმისა, რომ “რუსთავი 2-ს” ებრძვის სახელმწიფო