გიორგი კვირიკაშვილი: ბიზნესმენებს მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია და ისინი აღარ ივლიან სამინისტროებში

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა უახლოეს მომავალში განახორციელებს.

პრემიერმა საგადასახადო სისტემის რეფორმის, განათლების რეფორმის, ასევე მმართველობითი რეფორმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ბიზნესმენებმა აღარ იარონ სამინისტროებში; სამინისტრო იყოს ე.წ. back office, ხოლო, მთავრობის ერთიანი front office ერთ სივრცეში განთავსდეს.

„პროცესი ციფრულ სივრცესაც მოიცავს, რათა ყველა სერვისი თანდათან, ციფრულ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალ პრინციპებზე გადაყვანის გეგმას ამზადებს, რათა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განვითარდეს. საუბარია ჩქაროსნულ მაგისტრალსა და არაერთ მნიშვნელოვან გზაზე, მათ შორის – ქუთაისი-სვანეთის, გომი-რაჭის, ქუთაისი-სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები; ლარსი-მცხეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზები და თბილისიდან კახეთის გავლით აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა, რომელზეც შემდგომ მთელი ეკონომიკა აშენდება. ამ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კონკრეტულ ნაბიჯებს შემოგთავაზებთ, რათა ძირითადი ჩონჩხი დაგეგმილი 2023 წლის ნაცვლად, 3-4 წელიწადში დასრულდეს“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობას ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც აღნიშნული გეგმების შესრულებას კოორდინაციას გაუწევს.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე მის მიმართ მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობს და სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატიაბარელი Brent-ის ფასი 35 დოლარამდე გაიზარდა