“ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების გეგმა და სურვილი არ აქვს”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა იმაზე ადრე დატოვა პრემიერის პოსტი, ვიდრე უნდა დაეტოვებინა.

მისი თქმით, მას ბოლო წამამდე ჰქონდა ივანიშვილთან საკმაოდ მძაფრი საუბარი, დისკუსია, რომ პოსტიდან არ წასულიყო.

„ბიძინა ივანიშივლმა სამწუხაროდ ჩემი რჩევა არ გაიზიარა. მან იმაზე ადრე დატოვა პრემიერის პოსტი, ვიდრე უნდა დაეტოვებინა. ამის თაობაზე, ბოლო წამამდე გვქონდა საკმაოდ მძაფრი საუბრები, დისკუსიები. მას ქონდა გაცხადებული, რომ მოვიდოდა, შექმნიდა პარტიას, დაამარcხებდა მათ, გახდებოდა პრემიერ–მინისტრი და წავიდოდა. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა. მაგრამ, ჩემი პოზიცია იყო, რომ 1 წელი კიდევ უნდა დარჩენილიყო პრემიერ–მინისტრის პოსტზე. ეს ჩვენ კოალიციურ სისტემას და სტრუქტურას მეტად გაამყარებდა. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებული იქნებოდა, ადგილობრივი არჩევნები მოდიოდა უკვე, რომელიც ჩატარებული იქნებოდა და ასე ვთქვათ, დამდგარი, ჩამოყალიბებული სისტემა გააგრძელებდა ფუნქციონირებას. ყველა ჩვენგანი, ვინც პირველად აღმოვჩნდით საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გვჭირდებოდა მეტი დრო, რომ ინსტიტუციურად ჩამოვყალიბებულიყავით და ინსტიტუციური, სწორი ურთიერთობები აგვეწყო. მგონია, რომ ივანიშვილის როლი იყო პოზიტიური და თუ დარჩებოდა კიდევ ცოტახანი, გაცილებით უფრო პოზიტიური იქნებოდა. რაც შეეხება, მის შესაძლო შემობრუნებას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც მე ვიცი, მისი პოზიცია არის მტკიცე, მას ამისი გეგმა და სურვილი არ აქვს. ის ამბობს, მე ვრჩები საქართველოს მოქალაქედ და თუ დავინახე, იმდენად რთულად არის საქმე, ზოგჯერ ასე ხდება, ქუდზე კაცია საჭირო, რომ აქტიურ პოლიტიკურ თუ სახელმწიფო ცხოვრებაში ჩავერთოთ, მაშინ მე ამისთვის მზად ვარო, თუმცა ამბობს, რომ ამის ალბათობას ვერ ხედავს და არ ხედავს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერის მინიშნებაა, რომ კოალიციამ არჩევნებისთვის მზადება, ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობის გარეშე უნდა დაგეგმოს. უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის გაძლიერება, ყოფილი პრემიერის რჩევების გათვალისწინებითაც მოხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი მოახერხებს თავისი სათქმელის თქმას, ხმის მიწვდენას და მისი რჩევების გათვალისიწინებითაც მოხდება პირველ რიგში მის მიერ შექმნილი პარტიის გაძლიერება, რაზეც თავად პარტია ბევრს საუბრობს და კოალიციური სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებაც“, – დასძინა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი დავით ნარმანიას თხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: კოალიციები იქმნება არამხოლოდ ხედვების ერთიანობის, არამედ ურთიერთატანის ნიადაგზეც