დავით უსუფაშვილი: კოალიციები იქმნება არამხოლოდ ხედვების ერთიანობის, არამედ ურთიერთატანის ნიადაგზეც

თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა

კოალიციები იქმნება არამხოლოდ იდეების და ხედვების ერთიანობის ნიადაგზე, არამედ ურთიერთატანის ნიადაგზეც, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლევან ბერძენიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ “ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლთაც კოალიციაში “რესპუბლიკური პარტიის” ნაცვლად ირმა ინაშვილის ხილვა სურთ.
“მე მინდა დავადასტურო, რომ კოალიციაში შეუძლებელია არ იყვნენ ადამიანები, რომელთაც “რესპუბლიკურ პარტიას”, შესაძლოა, სხვა პარტია ერჩივნოთ. კოალიციაში არიან პარტიები, იმ პარტიებში – წევრები, ასობით ათასობით აქტივისტი და ყველა ერთ ჭკუაზე არ არის. “რესპუბლიკურ პარტიაშიც” რომ ჩაატაროთ გამოკითხვა, ვერ მიიღებთ ერთნაირად ზუსტ შედეგებს იმის თაობაზე, რამდენი “რესპუბლიკელია” ბედნიერი კოალიციის ყველა პარტნიორით ან პარტნიორების ნახევრით, ან იმ პარტნიორების ამ თუ იმ წევრით. პარტიები და კოალიციები იქმნება არამხოლოდ იდეების და ხედვების ერთიანობის ნიადაგზე, არამედ ურთიერთატანის ნიადაგზეც. ამიტომ თუ ერთმანეთის ატანა ვერ შევძელით, მაშინ ვერაფერს ვერ შევძლებთ. ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ ამბებს მე კოალიციაში ვერ ვხედავ. მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ ალიანსს, საარჩევნო ბლოკს, მრგვალ თუ ოთხკუთხედ მაგიდას, სადაც ურთიერთობები იყო იმაზე მეტად ჯანსაღი, ვიდრე არის კოალიციაში. კოალიციამ დაამკვიდრა ამ ქვეყანაში ერთად ყოფნის უპრეცედენტო პრეცენდენტი და ნუ მოგვთხოვთ იმას, რომ ყველას ისე უყვარდეს ერთმანეთი, რომ პურის გატეხვას არ ბედავდნენ ერთმანეთის გარეშე”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, მან თავი შეიკავა “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე პასუხის გაცემისგან, თუ რას გულისხმობს კოალიციური შეთნახმება, რომელსაც “ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა დაეფუძნოს და თუ რა პირობებს სთავაზობენ ”რესპუბლიკელები” პარტნიორებს კოალიციაში დარჩენის სანაცვლოდ.
|”კოალიციური შეთანხმების პირობებზე კოალიციურ პარტნიორებთან საუბრამდე თქვენ ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს არის ნორმალური ცივილიზებული პროცესი, როდესაც არჩევნების წინ პარტიის შიგნით თუ პარტიულ გაერთიანებებში მიმდინარეობს ხოლმე მსჯელობა იმ ტიპის საკითხებზე, თუ რა ტიპის პასუხისმგებლობა ეკისრება ამა თუ იმ გუნდს, ინდივიდს და ა.შ. ჩვენ გვექნება ზუსტად ასეთი მსჯელობა კოალიციის პარტნიორებთან და ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების გეგმა და სურვილი არ აქვს”
შემდეგი სტატიახადარკოვსკს მკვლელობის ბრალდებით ისევ დაიჭერენ