ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ

news
ავტ.: news ნოემბერი 14, 2019 21:56

ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ

ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთმა ყველაზე მატყუარა, ცბიერმა კაცმა, რომელიც მე ცხოვრებაში შემხვედრია, თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ. ფიალა ავსებულია, ჩვენ არ დავიხევთ უკან,- ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, არ ეგონა, თუ ისეთ პარტიებთან გამართავდა კონსულტაციებს, რომლებიც მისგან იდეოლოგიურად შორს არიან, თუმცა ხაზარაძის თქმით, არსებობს ზეპარტიული ინტერესები, როგორიცაა ოკუპაცია, დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები,

„ 20 ივნისი იყო ის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა თავისი გამბედაობით, თავისუფლებისადმი მისწრაფებით, ღირსებით გაგვახსენეს, რომ ეს სამშობლო არ შეიძლება იყოს იმ მდგომარეობაში , როცა მმართველი პარტიის ხელშეწყობით ჩვენი დამპყრობლის წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სკამში ჯდება. სწორედ ის დღე იყო, როდესაც ახალგაზრდებმა დაგვანახეს, რომ თურმე თავისუფლებას დაცვა სჭირდება, დაგვანახეს, რომ თურმე სიყალბეში ვცხოვრობთ და სწორედ აქ დაღვრილი სისხლის გამო საქართველოს გადმოუგდეს ეს პროპორციული არჩევნების შესაძლებლობა, იმიტომ რომ სხვა შანსი არ ჰქონდათ, თუმცა აქ მთავარი მოქმედი პირი, ახლა პრემიერ-მინისტრია.

მე აქ მოვედი მაშინაც და ახლაც, რომ პირველ რიგში ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც გამოგვაფხიზლეს გვერდით დავუდგე, დავუდგე გვერდში იმ არჩევანს, რომელსაც საქართველოს უკარგავენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, დაქსაქსული საქართველო, ქაოსი აწყობს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ მათ უნდათ ძალაუფლების, თავისი ადგილების შენარჩუნება.

ხაზარაძემ ბიზნესმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“.

„მინდა მოვუწოდო ჩემს ძმებს, მეგობრებს, ბიზნესმენებს, ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს, ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა ჩამოვყალიბდით, როგორც კრიზის მენეჯერები, რადგან საქართველოში არ გვახსოვს მდგომარეობა, როცა ნორმალური განვითარების საშუალება მიეცა ქვეყანას. ამიტომ დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან, გამოვიყვანოთ არჩევნებით, გავისტუმროთ ესენი სახლში. მოვიყვანოთ ნიჭიერი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც გამარჯვებულ, წელში გამართულ ქვეყანას შექმნიან. მინდა მოგიწოდოთ ერთსულოვნებისკენ. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ბოლო შანსი საქართველომ გაარღვიოს ეს ჩაკეტილი წრე, უიმედობა, ნიჰილიზმი, რომელიც თავზე მოგვახვიეს. სიტყვა, გვეშველება რამე? უნდა ამოვაგდოთ ლექსიკონიდან, გამოვიდეთ გარეთ და ერთმანეთს ვუთხრათ, დიახ, გვეშველება,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 14, 2019 21:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics