გიორგი კვირიკაშვილი – დემოკრატიის ისტორიაში სამართლიანობა არ აღმდგარა წინააღმდეგობის გარეშე

ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, მაგრამ არა სამართლიანობის ხარჯზე, სამართლიანობა გვჭირდება, მაგრამ არა ერთობის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, კანონის უზენაესობა მოითხოვს არამარტო რეფორმირებას, არამედ სამართლიანობის აღდგენას.

”ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გახდეს უკეთესი ადგილი მოქალაქეებისთვის ცხოვრების თვალსაზრისით და ეს არ იყოს მოჩვენებითი. დემოკრატიის ისტორიაში სამართლიანობა არ აღმდგარა წინააღმდეგობის გარეშე. ამ ჭრილში კრიტიკა, რა თქმა უნდა, გარდაუვალია. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, მაგრამ არა სამართლიანობის ხარჯზე, სამართლიანობა გვჭირდება, მაგრამ არა ერთობის ხარჯზე. ”ჩვენი სიცოცხლე მაშინ მთავრდება, როდესაც გავჩუმდებით მნიშვნელოვან საკითხებზე” – ბრძანა მარტინ ლუთერ კინგმა. ჩვენ ეს პუნქტი უნდა გავიზიაროთ და არ გავჩუმდეთ უსამართლობის წინაშე. საქართველოს ესაჭიროება სამართლის რწმენა – ეს გახლავთ დემოკრატიული კონსოლიდაციის არსი”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოში არავის არ აჩუმებენ და ამაზე მეტყველებს ”ფრიდომ ჰაუსის” და ”ჟურნალისტების საზღვრებს გარეშე” ანგარიშები.
კვირიკაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან მთავრობამ დიდი ნაბიჯი გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის და ზოგადად, მედიის დამოუკიდებლობის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიაწყურის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის შეთავაზებული კანდიდატების ნაწილმა არ გაამართლა