ბიძინა ივანიშვილი : მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან წასვლას

პოლიტიკიდან წავედი გახსნილად, მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას, ამასთან აიგივებენ ჩემს წასვლას, ამის სურვილი აქვთ ძალიან დიდი ოპონენტებს, რომ როგორმე იქნებ ქვეყნიდან წავიდე და დავაცადო ძველი ტაშ-ფანდურა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკიდან წავიდა ღირსეულად, აჩვენა, რომ არ ქონდა სურვილი პოლიტიკაში ყოფნის, მაგრამ ეს დასჭირდა ქვეყანას.

„მოვედი, თავი გავწირე, გადავალაგე, გავუშვი მოძალადე ხელისუფლება და წავედი თანამდებობიდან. ამით ვაჩვენე, რომ ამბიციის შედეგი არ იყო პოლიტიკაში მოსვლა, რომ მე მინდა რაღაც თანამდებობა მივიღო, ეს ნორმალურია. მათზე, ვისაც უნდა პოლიტიკკა და უნდა, მართოს ქვეყანა სწორი მიმართულებით, არანაირ კრიტიკასა არ ვაპირებ. ეს არ არის ჩემი მოწოდება. ახლა ერთი სული აქვთ, იქნებ ქვეყანას გავეცალო როგორმე, რადგან მე მოსახლეობაში მაქვს გარკვეული ავტორიტეტი. ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზეზიც, რომ ანალიზში ერთად კარგად დავალაგოთ ვინ ვინ არის, კარგად ჩავატაროთ არჩევნები. მე ვარ დღეს მოქალაქე და დავრჩები კიდეც მოქალაქედ. ყველა მოქალაქეს ვალდებულებაც კი აქვს, რომ მინიმალური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში. ვის რამდენი შეუძლია, იმდენად უნდა მიიღოს მონაწილეობა თავისი ქვეყნის განვითარებაში. სულ მცირე უნდა მოვიდეს არჩევნებზე.. ნურავის ნუ მიანდობთ თქვენს საკუთარ ბედს, ძალიან გთხოვთ, თითოეულ თქვენგანს, კარგად დააკვირდით პროცესებს, ჩაერთეთ ანალიზში და აუცილებლად მოდით არჩევნებზე. რამეთუ თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი შვილების მომავალს განსაზღვრავთ და განკარგავთ. მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით თქვენს სასურველ პარტიას და პოლიტიკოსს“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – ზუგდიდში, ფოთში, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილებისთვის შესაძლოა, 3-სართულიანი სახლები აშენდეს
შემდეგი სტატია„დროა, ხმა ავიმაღლოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს“-ტედ პო