ბიძინა ივანიშვილი: ასე რომ, რასაც გასცემ, მხოლოდ ის არის საბოლოოდ შენი, ამაშია რუსთველის სიბრძნე და სიდიადე

არ მიმაჩნია, რომ „გავღარიბდი“. ჩემი კაპიტალი ერთი ქართველის კერძო მფლობელობიდან სრულიად საქართველოს, ყველა ქართველის სამსახურში იხარჯება და ის, რაც ფონდმა შეძლო შეექმნა ან გადაერჩინა, ყველა იმ საუნჯის თანამესაკუთრე ხომ ვართ მე და ჩემი ოჯახი? ვართ და თუ ვართ, მაშინ, რაღანაირად „გავღარიბდი“? ახლა რომ „ჩემია“ ის, რაც გავეცი, არასოდეს ისე „ჩემი“ არ ყოფილა, რადგან ვერავინ გაფლანგავს აწი მას და ვერ გაანიავებს (ვერც მე, მათ შორის). ასე რომ, რასაც გასცემ, მხოლოდ ის არის საბოლოოდ შენი, ამაშია რუსთველის სიბრძნე და სიდიადე. ყოველ შემთხვევაში, მე, ერთი ქართველი, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილებიც ასე ვკითხულობთ მას, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კითხვაზე, რატომ არასდროს გაუჩნდა სურვილი, მიეთითებინა სხვადასხვა გამოცემისთვის, რომ „გაღარიბდა“ და ხომ არ უქმნის გარკვეულ უხერხულობას ის ფაქტი, რომ პასიური პოზიციით, უნებლიედ ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ეს ავტორიტეტული გამოცემები წლების მანძილზე არაზუსტ ინფორმაციას აქვეყნებდნენ? ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არასდროს მიუნიჭებია.

„შესაძლოა, გარკვეული უხერხულობის მომენტი მართლაც იყოს, მაგრამ მე ამისთვის დიდი მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია. მიმაჩნია, რომ ყველაზე გამართლებული ინვესტიცია, ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად, მისი მომავლისთვის გაღებული ხარჯია. თუმცა, იმასაც ვითვალისწინებ, რომ ფორბსი და ბლუმბერგი, სავარაუდოდ, ამას ასე არ შეხედავს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ ფონდ „ქართუს“ განკარგულებაში გადასვლის პირობებში, აქტივების ადმინისტრირება თავად ფონდის გადასაწყვეტი იქნება – შესაძლოა, ნაწილი მალევე გაყიდოს, ნაწილის ექსპლუატაცია გაგრძელდეს.

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ სჯობს, აქტივები მალე გასხვისდეს და მალე გადავიდეს ფონდიდან ბიზნესის ხელში.

„ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომელიმე აქტივზე დროზე ადრე უარის თქმას და ნაადრევად დაბალ ფასში გასხვისებას – თუ ბიზნესის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება საგრძნობლად დაბალი იქნება მის საბაზრო ფასთან შედარებით, ფონდი გააგრძელებს მის მართვას მანამ, სანამ შესაფერის წინადადებას არ მიიღებს. სასტუმროების შემთხვევაში, შესაძლოა, უკეთესიც იყოს მათი რამდენიმე წლის შემდეგ გასხვისება, რადგან პოლიტიკურ სტაბილურობასთან და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მათი ფასიც გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ისევ ფონდის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების ხარისხზე და მასშტაბებზე ჰპოვებს დადებით ასახვას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეკითხვაზე, ხომ არ ჯობდა, ქონების ახლა გადაცემის ნაცვლად იგივე მოცულობის თანხები პირდაპირ ფონდში შეეტანა თავის დროზე და ფონდსვე წამოეწყო ეს პროექტები, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამაზე მკაფიო პასუხი აქვს-ამ გადაწყვეტილებით ფონდი დარტყმას აარიდა რადგან არ უნდოდა, ფონდის იდეისთვის ვინმეს ჩრდილი მიეყენებინა.

„სავსებით გაცნობიერებულად ვარჩიე, ეს დარტყმა საკუთარ თავზე ამეღო. გახსოვთ, კრიტიკისა და ლანძღვის რა ნიაღვარი მოდიოდა ჩემი მისამართით შავი ზღვისპირეთსა თუ თბილისში მიმდინარე ტურისტულ პროექტებზე. ოპონენტებმა მოახერხეს, რომ ჩემს შემთხვევაში, შენება – ნგრევად, ხოლო ქველმოქმედება – მომხვეჭელობად გამოეცხადებინათ. ამიტომ ვარჩიე, რომ მათი სამიზნე ისევ მე ვყოფილიყავი და არა ფონდი. ახლა კი, როცა საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან, ამ გადაწყვეტილებას უფრო თამამად ვღებულობ და მშვიდად ვარ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა
შემდეგი სტატიამე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედი ფონდისთვის