ბექა ნაცვლიშვილი – „ქართულ ოცნებას“ საკადრო დეფიციტი აქვს

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დასახელება, „ქართულ ოცნებაში“ საკადრო დეფიციტზე მიუთითებს.

მისი თქმით, ყველას ახსოვს, რატომ გადადგა ირაკლი შოთაძე აღნიშნული თანამდებობიდან.

„ყველას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ირაკლი შოთაძის პროკურატურიდან წასვლა უკავშირდებოდა სარალიძის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ამ კომისიის დანიშვნა იმაზე მეტყველებს, რომ პროკურატურაში სწორად ვერ მიმდინარეობდა გამოძიება. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკადრო დეფიციტი, რადგან ის ვერ პოულობს შესაბამის კანდიდატურებს და ერთადერთი კანდიდატურა შერჩა – ირაკლი შოთაძე, როცა სწორედ ისეთ საქმეს უკავშირდება მისი წასვლა პროკურატურიდან, რაზეც საგამოძიებო კომისია დაინიშნა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია არ იქმნება ისეთ საქმეებზე, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები არ აქვს.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკადრო დეფიციტი“, – განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან შემაშფოთებელია ტენდენცია, რომელიც ამ კვლევამ აჩვენა” – NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი
შემდეგი სტატიახობში საცხოვრებელი სახლი დაიწვა