ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ბრალდებულმა ჩხვირკიამ ადვოკატები აიცილა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს აჭარაში ჯელალ ქიქავას უსმენენ, ის ირაკლი ჩხვირკვიამ მოწმის სახით მოიწვია.

ქიქვას განცხადებით, ის აქციაზე 18:00 საათიდან 23:00 საათმდე იმყოფებედა და ჩხვირკია არ უნახავს.

“აქციაზე იყო მერაბ ღოღობერიძე, მაგრამ ის რომ ლოდერობდა ან მითითებებს იძლეოდა არ მინახავს. ეს არა აქცია, არამედ ბუნტი იყო, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხის. მეც ვიყავი აქციაზე და იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც. მაშინ ჩვენც აქ უნდა ვისხდეთ,”- განაცხადა ქიქავამ.

დღეს ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრის დაკითხვაც იგეგმება. მოწმეების დაკითხვამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ ადვოკატების აცილების შუამდგომლობა დააყენა.

“სასამართლოს ბედი გადაწყვეტილია. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე უდანაშაულო ვარ, არ ვაპირებ დასკვნითი სიტყვის დაწერას და არ მჭირდება ადვოკატი”, – განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ. შუამდგომლობა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დააკმაყოფილა.

პროცესს არ ესწრება ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე. დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება, მომდევნო სხდომაზე კი მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან.

ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშითბილისში საახალწლო გარევაჭრობისთვის ტერიტორიები გამოიყო
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტი წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს