ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზისა და ფოთის ხიდის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება და იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.

პროექტი ითვალისწინებს 16.6 კილომეტრი სიგრძის, ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის
და ექვსი ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია და აზიის განვითარების ბანკის
(ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. უწყების ცნობით, წნორის შემოვლით გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Road and Bridge Corporation ააშენებს. მშენებლობის დასრულების ვადა ორი წელია.

„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და ექვს მიმდებარე სოფელს, შესაბამისად, ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, პარალელურად, ფოთში, მდინარე რიონზე იწყება ფოლად-რკინა-ბეტონის რვა მალიანი საავტომობილო ხიდის მენებლობა, რომლის სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, ორ კმ.-ს შეადგენს.​ მშენებლობის ღირებულებაა 60.8 მილიონი ლარი და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერთობლივი საწარმო MIRBUD-CS“ შეასრულებს. სამუშაოების დასრულების ვადა ორი წელია.

„ფოთის ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლა იქნება უზრუნველყოფილი. ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის.

მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ
ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 80 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა