ბადრი ჯაფარიძე: პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები

“ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა, ამის შესახებ მან ევროკავშირის და ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს აწუხებთ საქართველში არსებული პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ ჩვენთან ერთად ეძებენ და მსჯელობენ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. პოლიტიკური კრიზისი სახეზეა და ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის “ქართულმა ოცნებამ” უნდა ვიმუშაოთ და ვიპოვით გამოსავალი. დღეს შეხვედრაზე ელჩებთან კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალია შეთანხმება ახალ არჩევნებზე. ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

“ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულვებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. შეთანხმება ეს არ იქნება რომელიმე მხარის დამარცხება, შეთანხმება უნდა მოხდეს ხალხის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით. დღეს შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ და ვიმსჯელეთ კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობები. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” პასუხისმგებლობით მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად იმისათვის, რომ მოიძებნოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ცივილიზებულ საზოგადოებაში არის ახალ არჩევნებზე შეთანხმება,”- აცხადებს “ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წლის სოციალური საწარმო“ გამოვლინდა
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: ვეთანხმები სალომე სამადაშვილს, რომ ბოიკოტში კარგი არაფერი არ არის, თუმცა ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება