ბადრი ჯაფარიძე: დასრულდეს ყველა პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის საქმე

„კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე, უნდობლობა. სამწუხაროდ, ჩვენ, პოლიტიკურმა კლასმა, ვერ მოვახერხეთ, რომ ქვეყანა ოდნავ მაინ მიგვეახლოვებინა ევროპული სტანდარტებისადმი. ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ, მედიაციით მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ შევუერთდით, ქვეყანას აძლევს შანსს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება. აუცილებელია, ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ ჩვენ დავანახოთ, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისათვის აუცილებელია, დასრულდეს ყველა პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის საქმე. ეს არის აუცილებელი, იმისთვის რომ საზოგადოება გაერთიანდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ევროპელი მეგობრები მზად არიან მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანას, იმისათვის ,რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის.

„მათი მხრიდან გაჟღერებული იქნა ინიციატივა, ევროკავშირმა შემოიღოს ე.წ. საგზაო რუკა, ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისათვის. საქართველო შესაძლოა იყოს სწორედ ამ საგზაო რუკის მიღების კანდიდატი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში. ამ შემთხვევაში 2022 წელს ჩვენ მივიღებთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგად არჩეულ პარლამენტს ექნება ყველა უფლება მიმართოს ევროკავშირს განაცხადით, საქართველოს წევრობის კანდიდატად მიღების თაობაზე”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: ევროპელობა არ არის ის, რომ შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენ, ტყუი და ცრუობ