ატოცთან მიმდინარე პროცესები – გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრს კითხვებით მიმართავს

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე. სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის ავტორი გიორგი ვაშაძე სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვებით მიმართავს.
„ვხედავთ, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და მძიმე ვითარებაა. მე შეგახსენებთ, 14 აგვისტო გუგუთიანტკარი, გაიხსენეთ როგორ დააშლევინეს საკუთარი ხელით თავისივე სახლები ჩვენს მოქალაქეებს. 29 აგვისტო, ჩორჩანა, გაგახსენებთ საოკუპაციო ძალების ტრანსპორტირებული მოძრაობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბოლოს კი ატოცი, რაც ხდება ახლა. აღარ ჩამოვთვლი იმ შემთხვევებს, რაც ხდება ბოლო წლების მანძილზე, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა 2012 წლის შემდეგ. იზრდება საოკუპაციო ხაზი, ვკარგავთ ტერიტორიებს, ჩვენი მოქალაქეები კარგავენ სახლებს, კარგავენ საფლავებზე მისასვლელ გზებს, კარგავენ სახნავ-სათეს მიწებს და სამწუხაროდ ყველაფერ ამას ვუყურებთ შორიდან. მე მაქვს კონკრეტული ორი კითხვა ჩვენს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან. პირველი, კონკრეტულად რა გააკეთეთ ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩორჩანასა და გუგუთიანტკარის შემთხვევების შემდეგ იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ატოცის შემთხვევა, რა ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ რომ არ დავმდგარიყავით იმ ფაქტის წინაშე რაც დღეს გვაქვს?

და მეორე, რას აპირებთ, რა სტრატეგია გაქვთ, როგორ აპირებთ პრევენციას იმისას, რომ ხვალ და ზეგ, რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან არ განმეორდეს მსგავსი ქმედებები.

ყოველდღიურად თავს გვახსენებს საოკუპაციო ძალები და სამწუხაროა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს. ეს უმოქმედობა არის დანაშაული. დანაშაული ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე. კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთაშორისო ასპარეზი და მეგობარი ქვეყნები არიან იმისთვის, რომ მხარში დაგვიდგნენ და ავიცილოთ თავიდან მსგავსი ფაქტები. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ოკუპაციის თემა დღეს არის მიტოვებული და უყურადღებოდ. მართლაც, რომ არ არსებობდეს სამოქალაქო მოძრაობა დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით, რომელიც მუდმივად გვახსენებს ამ პრობლემას თითქოს ისეთი მივიწყებულია, რომ მეორე ხარისხოვანი თემაა, არადა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი განვითარებისთვის რაღათქმაუნდა დეოკუპაცია არის ერთ-ერთი უპირველესი გეგმა. იმედი მაქვს პასუხს გაგვცემს ბატონი გახარია თუ რა გააკეთა და რას აპირებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : მოსამართლეობის კანდიდატების პირველი ათეულიდან რვა შეუსაბამოა თანამდებობისთვის
შემდეგი სტატიარას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?