„აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე შეიქმნება ყოვლისმომცველი ჩამოყალიბებული ალიანსი – სამოკავშირეო ურთიერთობები” – დავით ზალკალიანი საგარეო უწყების 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე

„აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე შეიქმნება ყოვლისმომცველი ჩამოყალიბებული ალიანსი – სამოკავშირეო ურთიერთობები, გაძლიერებული სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტებით“ – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საგარეო პოლიტიკის 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა – 10 წლის ხედვა – 10 მიზანი“.

აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლოდ განვითარებაზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის ძირითად და პერსპექტიულ მიმართულებებზე. მისი თქმით მომდევნო 10 წლის განმავლობაში აშშ-თან თანამშრომლობის უმთავრესი მიზნები იქნება სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებული ყველა მიმართულებით, ასევე აშშ-თან უმაღლეს და მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება. მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის განმტკიცების მნიშვნელობას და ამ კუთხით კონგრესის მხრიდან შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა და რეზოლუციების მიღებას;

როგორც დავით ზალკალიანმა პრეზენტაციისას აღნიშნა, საგარეო უწყების მხრიდან მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის გასაძლიერებლად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ინსტიტუციური დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მომდევნო ეტაპზე გადასვლასა და მისი წარმატებული იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ინსტიტუციონალური ჩარჩოს გაფართოებასა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ყოვლისმომცველი დოკუმენტის შემუშავება;

მინისტრმა, აშშ-თან სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის დღის წესრიგში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხის აქტუალობის ზრდის ხელშეწყობა, ისევე როგორც რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირის ფუნქციის დამკვიდრება და რეგიონში აშშ-ის სამხედრო და ეკონომიკური ყოფნისა და ჩართულობის გაძლიერება;

პრიორიტეტად რჩება სტრატეგიულ პარტნიორთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, ისევე როგორც საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელება;

დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა რომ აშშ-თან გაძლიერდება თანამშრომლობა
გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, საერთაშორისო ჯანდაცვისა და ჰიბრიდული ომის გამოწვევის კუთხით, ასევე კლიმატის ცვლილებასთან და ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერუსაფრთოხებისა და 5G ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით, ისევე როგორც გაძლიერდება კულტურული, სამეცნიერო, აკადემიური და ხალხთა შორის კონტაქტები.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს მიზანია ევროპის ქვეყნებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატების სტრატეგიულ დონეზე აყვანა“ – დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანის განცხადებით ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მომდევნო წლების მიზანია 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა