აშშ-ს ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით აშშ-ს ელჩი იან კელი ეწვია. დიპლომატი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა- ,,თქვენო უწმიდესობავ, ჩემი გული დამძიმებულია, რადგან ათ დღეში მოვემგზავრები საქართველოდან” მიმართა დიპლომატმა პატრიარქს. მან უწმინდესს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა მისი როლი ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის.
“საქართველო ყოველთვის ძალიან ახლოს იყო და არის ჩემს გულთან. შეიძლება იცით კიდეც, რომ სამი წლის უკან მე ვაპირებდი უკვე ჩემი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებას და როდესაც მივიღე ეს მართლაც არაჩვეულებრივი შემოთავაზება, რომ მემსახურა თქვენს ქვეყანაში, დავთანხმდი.
საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, ქართველი ხალხიც, ქართველი ერიც განსაკუთრებულია და მე ვთვლი, რომ მართლაც სასწაულია, თუ როგორ შეძლო საქართველომ, შეენარჩუნებინა თავისი თვითმყოფადობა, თვისი ენა, თავისი რელიგია,რადგან საუკუნეების მანძილზე იგი გარშემორტყმული იყო სხვა ინტერესების მქონე ძლიერი ქვეყნებით და, მე მიმაჩნია, რომ ამ სასწაულის ახსნა და პასუხი არის სწორედ საქართველოს ეკლესია. ეკლესია იყო ის საშუალება, რომლითც ქვეყანამ შეძლო გადარჩენა კრიზისულ და დაპყრობით პერიოდებში.
მე მინდა პატივი მივაგო საქართველოს ეკლესიას და პირადად თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, რადგან თქვენი როლი არის უდიდესი საქართველოს გადარჩენაში, მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.
თუნდაც ეს ფაქტი: როდესაც მოსკოვში ვიყავი და 1989 წლის მოვლენები ვითარდებოდა, მახსოვს თქვენი როლი, თუ როგორ ცდილობდით, ხელი შეგეშალათ და აღგეკვეთათ სისხლისღვრა საქართველოში.
მინდა გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ გააგრძელოთ მსახურება ქრისტიანული რწმენის სამსახურში.
აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა მეტად მაღალ დონეზეა.
მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები, როდესაც მან გაიხსენა თავისი ვიზიტი საქართველოში და განსაკუთრებით სიონის ეკლესიაში: ,,ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.“
ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი რამ აღაფრთოვანებს საქართველოში, თუმცა ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი მიზანი არის ის, რომ დავუჭიროთ მხარი საქართველოს წარმატებას, დავუჭიროთ მხარი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, რომელიც იცავს პრინციპს, _ ქვეყანამ თავად განსაზღვროს საკუთარი გზა.
ჩვენთვის მნიშვნლეოვანია ის, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას როგორც მოდელმა ტოლერანტობისა და მოდელმა დემოკრატიული მმართველობისა.
საქართველო არის ევროპული ცივილიზაცია და საქართველო შეძლებს გახდეს წევრი ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური გაერთიანების. მე ღრმად მჯერა ამის.
როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, (ეს იყო რამოდენიმე ათწლეულის წინ) 1976 წელს, გაოცებული დავრჩი, როდესაც დავინახე ერთმანეთის გვერდიგვერდ მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესია. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა და ევროპული ცივილიზაცია, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან ამ მისწრაფებებში დახმარებისათვის.
მე ჩიკაგოს უნივერსიტეტში გავაგრძელებ მოღვაწეობას, გადავალ იქ საცხოვრებლად და 14 მაისს საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან ერთად, ჩიკაგოში მოვაწყობთ პრეზენტაციას საქართველოს შესახებ.
მე, რა თქმა უნდა, საქართველოსთან კავშირში დავრჩები და აუცილებლად გვექნება დიდი სურვილი, რომ დავბრუნდეთ ხოლმე, მეც და ფრანჩესკაც.
თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ მოგიხსენიებთ თქვენ, მოვიხსენიებთ საქართველოს ჩვენს ლოცვებში და თქვენც გთხოვთ, რომ მოგვიხსენიოთ თქვენს ლოცვებში.” განაცხადა იან კელიმ.
შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: პატრიარქს ახალ დარტყმას უნდა უმზადებდნენ, არა ფიზიკურს, არამედ ძალაუფლებითს და მორალურს
შემდეგი სტატია“თქვენ რთულ პერიოდში ბრძანდებოდით ელჩი, მაგრამ ბრძნულად გაართვით თავი ყველა პრობლემას”- პატრიარქი იან კელის