“თქვენ რთულ პერიოდში ბრძანდებოდით ელჩი, მაგრამ ბრძნულად გაართვით თავი ყველა პრობლემას”- პატრიარქი იან კელის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით აშშ-ს ელჩი იან კელი ეწვია. დიპლომატი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა:
მე მადლობელი ვარ თქვენი და ამერიკის ხელისუფლების, იმ დახმარებისა და თანადგომისათვის, რომელსაც უწევთ საქართველოს- მიმართა კათოლიკოს პატრიარქმა დიპლომატს და აღნიშნა, რომ იან კელი რთულ პერიოდში იყო ელჩი საქართველოში, თუმცა ყველა პრობლემას ბრძნულად გაართვა თავი.
“გულითადად მოგესალმებით წმინდა სინოდისა და პირადად ჩემი სახელით და გისურვებთ დიდ წარმატებას სამომავლო მოღვაწეობაში. თქვენ რთულ პერიოდში ბრძანდებოდით ელჩი, მაგრამ ბრძნულად გაართვით თავი ყველა პრობლემას.
ჩვენთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს წარსულს და გამოვთქვამთ გაოცებას, იმის გამო, თუ როგორ შეძლო და შექმნა ასეთ მოკლე პერიოდში ამერიკამ ასეთი კულტურა, ასეთი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი.
ჩვენი ეპისკოპოსების დელეგაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაოცებულები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი დაახლოებისა გაგრძელდეს, თუმცა საქართველო ისედაც დგას ამ გზაზე.
მე მადლობელი ვარ თქვენი და ამერიკის ხელისუფლების, იმ დახმარებისათვის და თანადგომისათვის, რომელსაც უწევთ საქართველოს.
მოგეხსენებათ, 20-% საქართველოს ტერიტორიისა დაპყრობილია. ვფიქრობთ, ღვთის შეწევნით და ჩვენი მეგობრების დახმარებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნებული იქნება.
რაც შეეხება ეკლესიას, _ ზოგიერთს ბოლომდე არ ესმის მისი როლი, მისი მნიშვნელობა ჩვენს ისტორიაში. ქართველი არასდროს ყოფილა ფანატიკოსი, ის იყო და არის ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი.
ზოგიერთს უკვირს ისიც, თუ რატომაა ეკლესიის ავტორიტეტი მაღალი საქართველოში, ეს იმიტომ, რომ იგი იცავდა თავის კულტურას, ენას, თავის წარსულს და ეს ხალხის ინტერესიცაა.
როგორც ვთქვი, თქვენ რთულ დროს მოგიწიათ ელჩის მოვალეობის შესრულება, თორემ უფრო მეტი შთაბეჭდილება გექნებოდათ აქაურობაზე.
მაგრამ იმედი მაქვს, არ დაივიწყებთ საქართველოს და შეიძლება ელჩის მოვალეობით არა, მაგრამ ისე ხშირად ჩამობრძანდეთ ჩვენთან.
მინდა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე. თქვენი მომავალი კარგი იქნება.” მიმართა პატრიარქმა იან კელის.
შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან
შემდეგი სტატია“რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის” – საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ კონგრესმენებს