აშშ-მ, რუსულ დაზვერვასთან კავშირისთვის, რვა პირს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლდოვაში, რუსულ კამპანიაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, დღეს რვა პირს სანქციები დაუწესა, მათგან ერთი იურიდიული პირია. გავრცელებული ცნობით, ისინი რუსულ დაზვერვასთან არიან კავშირში.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გააკეთეს.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სანქცირებული პირები მოქმედებდნენ რუსეთის გლობალური საინფორმაციო ოპერაციების ფარგლებში, რომლებიც ასევე, განლაგებულია აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ბალკანეთის სახელმწიფოების წინააღმდეგ.

სანქცირებულთა შორის არის კონსტანტინე საპოჟნიკოვი, რომელიც, აშშ-ის ხაზინის მონაცემებით, ჯგუფის ლიდერია და რომელმაც მოლდოვის მთავრობის დესტაბილიზაციისთვის, 2023 წლის დასაწყისში, შეთქმულება მოაწყო.

სანქციების ქვეშ იყვნენ აგრეთვე: იური მაკოლოვი, რომელიც ამ შეთქმულების ლოჯისტიკაში იყო დაკავებული; გლებ ხლოპონინი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას მოლდოვაში სხვადასხვა სამთავრობო შენობების დაცვის შესახებ; სვეტლანა ბოიკო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჯგუფის მუშაობის ბიუჯეტირებაზე და ჯგუფის ორი წევრი, რომელთა როლი არ არის დაზუსტებული: ვასილი გრომოვიკოვი და ანა ტრავნიკოვა.

ასევე, სანქციები დაეკისრა ალექსეი ლოსევს, რომელიც დაზვერვისთვის ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული და მისი კომპანია Perko Julleuchter-ია.

სანქციების შედეგად, ზემოაღნიშნულ პირებს, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ და მათი მთელი ქონება აშშ-ის ტერიტორიაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაყადაღდება. გარდა ამისა, ამერიკის მოქალაქეებს მათთან ბიზნესის წარმოებაც ეკრძალებათ.

„აშშ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს რუსეთის გავლენის მავნე კამპანიების გამოვლენას, ჩაშლას და შეკავებას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მოლდოვას მხარდაჭერას საჭირო რეფორმების განხორციელებაში დემოკრატიის გასაძლიერებლად, აყვავებული და უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად, ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაბელგოროდში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი მოკლეს