აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე – საქართველო ნამდვილად არის ფართო ევროპის ნაწილი და ევროპის ინსტიტუტებში გაწევრიანების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს

ჩემი აზრით, საქართველო ნამდვილად არის ფართო ევროპის ნაწილი და ევროპის ინსტიტუტებში გაწევრიანების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილე დენიელ ფრიდმა „საქართველოს რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ფრიდმა ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა უნდა გააკეთოს აშშ-მა, რათა უკრაინის კონფლიქტის ესკალაცია თავიდან იყოს აცილებული, მათ შორის საქართველოშიც.

„ჩემი აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადმა რეჟიმმა ცხინვალში მოინდომოს რუსეთის მიერ ანექსია. ამის დიდი შანსი არსებობს, რადგან ცხინვალში ამაზე რუსეთის თანხმობის გარეშე არ ილაპარაკებდნენ. ჩემი აზრით, პუტინმა შეიძლება, მოინდომოს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ანექსია, რათა აჩვენოს, რომ ის არის პეტრე დიდის ღირსეული შთამომავალი, რომელიც რუსეთის იმპერიას აღადგენს. მოვლენების ამ სცენარით განვითარება არც მე და არც ქართველებს არ გააკვირვებს. საქართველოს მთავრობა ძალიან ფრთხილი იყო უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის გასაგებია, რომ ისინი დაუცველად გრძნობენ თავს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განამტკიცოს დემოკრატია, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის საფუძველს. სწორედ ამ საკითხს მინდა გავუსვა ხაზი. აშშ მხარს უჭერს საქართველოს, რადგან საქართველოს სურს, იყოს თავისუფალი ქვეყანა. დიდი ინტერესი არ არის იმ ქვეყნის მხარდაჭერისა, რომელიც ავტორიტარიზმისკენ იხევს უკან. საქართველოს დემოკრატია არის ის, რაც აშშ-ს იზიდავს. დიახ, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანზიტო ფუნქცია და მილსადენები, თუმცა საქართველოსთის საუკეთესო ისაა, რომ ის უფრო ფართო ევროპის ნაწილია და მას სწორედ ასე უნდა მიუდგე. ჩემი აზრით, საქართველო ნამდვილად არის ფართო ევროპის ნაწილი და უნდა ჰქონდეს ევროპის ინსტიტუტებში გაწევრიანების შესაძლებლობა“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილე დენიელ ფრიდთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ 17 ივნისს, 14:00 საათზე „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – უკრაინასა და მოლდოვას თუ ავცდით, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დანაშაული, მთელ ევროპას უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ვიმსახურებთ ევროინტეგრაციას
შემდეგი სტატიაშოლცი – გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების ვიზიტი კიევში არის სოლიდარობის, ასევე უკრაინის და მისი მოქალაქეების მხარდაჭერის გაგრძელების დემონსტრირება