აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს​ (USAID) მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, რეგიონალური მრჩეველი სამართლის უზენაესობის საკითხებში ირინა ლორთქიფანიძე, USAID-ის, საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან დღემდე, მოსამართლეების, პროკურორების და ადვოკატების მონაწილეობით საბჭოს არაერთი სხდომა ჩატარდა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტები და უწყვეტი მართლმსაჯულების განხორციელება.

“მისასალმებელია ამგვარი ფორმატის არსებობა, სადაც სამივე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს გვაქვს შესაძლებლობა გავცვალოთ მოსაზრებები, იდეები და ხედვები მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ, ხელი შევუწყოთ იურიდიული პროფესიის გაძლიერებას და მართლმსაჯულების განხორციელების უკეთესი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სწორედ მსჯელობის უწყვეტი ფორმატი განაპირობებს ამგვარი შეხვედრების პროდუქტიულობას” – აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის წესებსა და განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს, სასამართლო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და ხარვეზები მიმოიხილეს და მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში რეგიონების ჩართულობის ხარისხის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ამირან გულუაშვილმა სასამართლო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და ხარვეზები მიმოიხილა. ასევე საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, ქალთა მიმართ ძალადობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ერთწლიანი თემატური პროგრამა დამტკიცდა და მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციები და საოპერაციო წესები განისაზღვრა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

banner
წინა სტატიაშიჩვენ დავსვით კითხვა, ომის შემდეგ პერიოდში იყო თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინას შორის, კელი დეგნანმა ამ კითხვაზე პასუხსაც თავი აარიდა, დაგვრჩა ის, რომ ბატონ ბიძინას ვთხოვოთ, დააფიქსიროს პოზიცია – დიმიტრი ხუნდაძე
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა