ასეთი განცხადებების გაკეთება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს – ნუგზარ წიკლაური ნიკა მელიაზე საუბრობს

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

„მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას განცხადება, როგორც შინაარსის, ისე ფორმის და ისე შერჩეული დროის თვალსაზრისით, იყო სრულიად არასწორი განცხადება,“ – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.

წიკლაური ნიკა მელიას არჩევნების დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ თანაგუნდელები გააკრიტიკა.

ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ნიკა მელიამ გუნდთან კონსულტაციების გავლის გარეშე გააკეთა განცხადება.

„ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის უფლება, თუმცა, როდესაც ხარ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები უფრო მეტად შეთანხმებული უნდა იყოს. მე მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას განცხადება, როგორც შინაარსის, ისე ფორმის და ისე შერჩეული დროის თვალსაზრისით, იყო სრულიად არასწორი განცხადება და ის ვერ მოემსახურება დადებითად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს,” – განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურის განცხადებით, გუნდი მელიასგან განმარტებებს აუცილებლად მოისმენს. მისივე თქმით, ნიკა მელიას განცხადების შინაარსი ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

“მე ვფიქრობ, რომ პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს აუცილებლად ამ საკითხზე. ჩვენ სავარაუდოდ, მივიღებთ მისგან პასუხებს თუ რით იყო განპირობებული ასეთი განცხადება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, იმ გზაზე, რომელსაც ყველანი ერთად ვირჩევთ ახლა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ იყოს დიდი საერთო სახალხო მოძრაობა, ჩვენ რა მონაწილეობას მივიღებთ, რა მონაწილეობას მიიღებს ნიკა მელია, რა მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ განცხადება გაკეთებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიკრიბებოდით და გვექნებოდა მინიმალური კომუნიკაცია მაინც. არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში, ასეთი განცხადებების გაკეთება, თუ ვინმეს პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიხდება,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის მიზეზი სავარაუდოდ ე.წ. კანონიერ ქურდებზე მომზადებული შარჟი გახდა
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება