არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა დასტურდება – კახიძე

საქმის მასალებში არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა დასტურდება – ეს განცხადება, “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
პარლამენტში დღეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პროკურატურის მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს უსმენენ. ამ დროისთვის, კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესი ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობენ.
ოთარ კახიძე თბილისის ყოფილი პროკურორის და მისი ყოფილი მოადგილისგან დაინტერესდა, თუ რატომ არ წარედგინა მ.კ.-ს ბრალი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.

“არსებობს მ.კ.-ს მიერ 2 დეკემბერს მიცემული ჩვენება, სადაც ამბობს, რომ სარალიძეს ურტყამდა მუშტს. 3 დეკემბერსაც ამას ადასტურებს. 23 დეკემბერს ამბობს, რომ ის ეხმარებოდა დანით შეიარაღებულ გ.ჯ.-ს და რამდენჯერმე ურტყამს მუშტს სახეში დავით სარალიძეს. ამბობს, რომ დააფიქსირა დავით სარალიძის შენელების მომენტი და იმას, რომ სარალიძე ვეღარ აქტიურობდა. თქვენ ამ მომენტში გაქვთ მტკიცებულებათა სრული ერთობლიობა მ.კ.-ს მიმართ, რომ წაუყენოთ ბრალი როგორც მკვლელობაში თანამონაწილეს. როცა საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, დავალაგეთ მტკიცებულებები სხვადასხვა ფიგურანტების მიმართ და აღმოჩნდა, რომ არსებობს შთამბეჭდავი ერთობლიობა მტკიცებულებების, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მ.კ. ჩხუბის დაწყებიდან ჩხუბის ბოლომდე იმყოფება ფარდულში დავით სარალიძესთან ერთად. დადგენილი ფაქტია, რომ როცა მ.კ. იმყოფება ფარდულში, ამ დროს დავით სარალიძეს აყენებენ 12 ჭრილობას. დადგენილი ფაქტია მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით, რომ მ.კ. არის პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში დავით სარალიძესთან, ცდილობს მის დამორჩილებას და გამოქაჩვას, ამავე დროს მუშტებს ურტყამს მოკლულს. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა გაქვთ საქმეში. გ.ბ.-ს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გაქვთ და ბრალი წაუყენეთ და მ.კ.-ს რატომ არ წაუყენეთ ბრალი? მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ მ.კ.-ს დანით მკვლელობაში წაგეყენებინათ ბრალი, მე გეკითხებით, რატომ არ წაუყენეთ ბრალი თანამონაწილეობისთვის?“, – მიმართა ყოფილ პროკურორებს ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია პროკურატურის ყოფილ წარმომადგენლებს კითხავს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე უახლოეს დღეებში იმსჯელებენ