მოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია პროკურატურის ყოფილ წარმომადგენლებს კითხავს

გლდანის ციხეში მირზა სუბელიანის და თენგიზ კალანდიას გამოკითხვის შემდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს პროკურატურის მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს კითხავს.

დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეებსაც.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების კითხვები იმ უფლება-მოვალეობებს შეეხება, რაც პროკურორებს ამ საქმესთან მიმართებაში ჰქონდათ.

მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე პროკურატურაში თანამდებობას 2018 წლის 22 თებერვლამდე იკავებდნენ, ამ დროს ხორავას ქუჩის საქმე უკვე იყო წასული სასამართლოში და სამედიცინო ექსპერტიზების გარკვეული დასკვნები მათ ჰქონდათ მიღებული.

მთავარი კითხვები, რომელიც ამ ეტაპზე დაისვა, უკავშირდება იმას, თუ რატომ გადაწყვიტეს პროკურატურის თანამშრომლებმა, რომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალი წაეყენებინათ იმ მოზარდისთვის, რომლის ბრალეულობაც მოსამართლემ არ გაიზიარა და სარალიძის ნაწილში გაამართლა.

ასევე, დეპუტატები დაინტერესდნენ იმით, თუ რატომ არ წაუყენა გამოძიებამ ბრალი მიხეილ კალანდიას.

თბილისის ყოფილი პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა, რომ გ.ბ-ის მიმართ სარალიძის მკვლელობის ნაწილში ჰქონდათ ერთ-ერთი მოწმის პირდაპირი ჩვენება ჰქონდათ. მისი თქმით, დადუნაშვილის მკვლელობის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერიც არსებობდა მტკიცებულებებში.

„გ.ბ-ს მიმართ სარალიძის მკვლელობის ნაწილში იყო მოწმე მ.კ-ს პირდაპირი ჩვენება, დანაზე და ხელსახოცზე, რომელშიც ეს დანა იყო გახვეული ამოსული გ.ბ-ს და სარალიძის დნმ კვლები. დადუნაშვილის და სარალიძის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები, რომელშიც აღწერილი ჭრილობების განლაგება თანხვედრაში იყო ჩვენებებთან, მოწმე ლუკას კალანდიას ჩვენება. გ.ბ.-ს მიმართ არსებული ფარული ჩანაწერი ფარდულში ჰყოფნის ნაწილში, ასევე, თუ არ ვცდები ა.დ.-ს ფარული ჩანაწერი იყო ტაქსში მონაყოლის ნაწილში,“ – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის წევრი, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ საქმეში არსებობდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც არასრულწლოვანი დადუნაშვილის მკვლელობას აღიარებს, რატომ იყენებდა პროკურატურა ამ ფარულ ჩანაწერს სარალიძის მკვლელობის ნაწილშიც.

„ანუ ეს ფარული ჩანაწერი, რომელიც, პრინციპში, საკვანძო მტკიცებულებაა ამ პირის მიმართ, სადაც ის დადუნაშვილის მკვლელობას აღიარებს, ამ ფარულ ჩანაწერს, სადაც ის სარალიძეზე არაფერს არ იძახის, როგორ იყენებთ სარალიძის მკვლელობაში ბრალდებისთვის. თუ ეს ჩანაწერი არის ნამდვილი მტკიცებულება თქვენთვის და მოსამართლესთან მიგაქვთ და იმ სტანდარტით ხელმძღვანელობთ, რაზეც ბატონი ოთარი გესაუბრათ, აქ კაცი იძახის დანა დაარტყაო და სარალიძის ნაწილში აღწერს ყველაფერს და პირიქით, აღწერს ყველაფერს, როგორ არ ყოფილა ფიზიკურ შეხებაში,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე, გიორგი გაბოძე აცხადებს, რომ გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს ბრალი რომ წაუყენეს, მალევე გახდა ცნობილი, რომ გარკვეული გარემოებები სხვაგვარად იყო.

banner
წინა სტატიაშისამხედრო პოლიციას სხვა ინფორმაცია ჰქონდა, რეალურად რაც მოხდა მოგვიანებით გახდა ცნობილი – თავდაცვის მინისტრი 31 წლის სამხედროს ცემის ფაქტზე
შემდეგი სტატიაარსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა დასტურდება – კახიძე