არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ დიალოგს, რადგან არც მათ სჯერათ დესტაბილიზაციით აშენებული ქვეყნის და არეულობით მიღწეული ბედნიერების

„მოვლენების ანალიზით იკვეთება, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები, თავისი ტელევიზიებით და აქტივისტებით ალაგებდნენ სცენარს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე როგორმე შეინარჩუნონ ქვეყანაში არასტაბილური ფონი. არჩევნებისთვის კი არ მოემზადონ, არამედ მოახდინონ 2020 წლის არჩევნების დისკრედიტაცია და გამოდის ისე, რომ ამათ თუ დაუჯერებთ, ერთი წლის მერეც, მოქალაქეებს არ ეცოდინებათ, იქნება თუ არა სტაბილური ვითარება ამ ქვეყანაში საერთოდ – ეს არის რასაც ოპოზიცია სთავაზობს საზოგადოებას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ივნისის მოვლენების შემდეგ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, პარლამენტის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის, ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიმდინარე დიალოგისა და მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელის შესახებ ისაუბრა.

„ 2 წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ სხვა ხელისუფლებას არ მიუღია – საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში შევცვალეთ საარჩევნო სისტემა და 2024 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას დავუჭირეთ მხარი. ოპოზიციამ მაშინ ამ გადაწყვეტილებას ბოიკოტი გამოუცხადა მეორეხარისხოვანი საკითხის გამო. შემდეგშიც, ივნისის მოვლენების კვალდაკვალ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავარეგისტრირეთ ინიციატივა პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოსაწევად, დავარწმუნეთ ბევრი ადამიანი, თუმცა, ადვილი არ იყო. საჯარო განხილვებზე პირადად დავდიოდი და მოქალაქეების ნაწილი პირდაპირ გვისვამდა შეკითხვებს, ვინ იქნება ხვალ ჩვენი რაიონის წარმომადგენელი პარლამენტშიო. ბევრს არ მოსწონდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. მიუხედავად იმისა, რომ მეც მაჟორიტარი ვარ და მხარი დავუჭირე ამ ცვლილებას და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე – საზოგადოების განწყობა განხილვებზე, ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უნდა მიეღო პარლამენტს და პარლამენტმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დესტაბილიზაციით სახელმწიფოს აშენების და განვითარების არ სჯერათ საერთაშორისო პარტნიორებს და სწორედ ამიტომ ითავეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მედიაცია.

„ახლა გვსაყვედურობს ოპოზიცია, უცხოელები რატომ უწევენ მედიაციას დიალოგსო. უკაცრავად, მაგრამ სამჯერ რომ გთხოვეთ, მობრძანდით პარლამენტში და დავიწყოთ დიალოგი და მოლაპარაკებები და არცერთი გამოხმაურება არ ყოფილა, ამის შემდეგ ჩვენი პარტნიორები ადგნენ და თვითონ აიღეს ინიციატივა, იმიტომ, რომ არც მათ არ სჯერათ დესტაბილიზაციით აშენებული ქვეყნის და არეულობით მიღწეული ბედნიერების, ქუჩაში და პარლამენტზე შეტევით აშენებული სახელმწიფო ინსტიტუტების, ამიტომ დაიჭირეს პოზიცია, რომ დიალოგი და საუბარი საჭიროა. ჩვენც ასე ვფიქრობთ და ვაგრძელებთ ამ დიალოგს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მმართველმა გუნდმა კონკრეტულ წინადადებაზე იმუშავა და ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტი წარუდგინა:

„დავსხედით, ვიმუშავეთ და მოვიტანეთ წინადადება 100 პროპორციული, 50 მაჟორიტარული. მკვეთრად ვზრდით პროპორციულ მანდატებს, რაც ასე უნდა ოპოზიციას და მკვეთრად ვამცირებთ მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას, რომელიც ასე ძალიან არ უნდოდა ოპოზიციას – გვახსოვს, გვეუბნებოდნენ, რომ მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ თქვენ გაძლევთ უპირატესობასო. ეგეც ვერ გამიგია, მართალი გითხრათ, იმიტომ, რომ თუ ამ კვლევებით, ოპოზიცია რითაც გველაპარაკება და გვეუბნება, რომ 10 ყველაზე მაღალი ნდობის მქონე პოლიტიკოსში 8 ჩვენ ვართ ოპოზიციონერებიო, პარტიებს შორის რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს ხალხის ნდობაო, მაშინ მითხარით – თუ რასაც ლაპარაკობენ, ამ ყველაფრის მართლა ჯერათ, მაჟორიტარულ ოლქებში რატომ არ უნდათ კანდიდატების დაყენება და რატომ არ უნდათ კონკურენციაში შესვლა?“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესებს აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან