კვირიკაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება

ქართული პოლიტიკის ცის კაბადონზე მალე ახალი ვარსკვლავის გამოჩენას უნდა ველოდოთ. მართალია, ამ ვარსკვლავმა გასული წლის ზაფხულში ჩაიქროლა პოლიტიკიდან, მაგრამ დროდადრო გამოკრთებოდა ხოლმე. საუბარია გიორგი კვირიკაშვილზე, რომლის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ხმები ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე გავრცელდა.
ეს ინფორმაცია საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კატეგორიულად უარყო, ისევე როგორც გასული წლის გაზაფხულზე მან უარყო ხმები შესაძლო გადადგომის თაობაზე. „თაიმერის“ ექსკლუზივის გამო კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგიც კი გამართა და განაცხადა, რომ მისი “ტაიმერი” კიდევ კარგა ხანს იწიკწიკებდა, თუმცა ამ განცხადებიდან თვენახევარში ის თანამდებობიდან მიაბრძანეს.
კვირიკაშვილი დიდი ალბათობით მამუკა ხაზარაძესთან გაერთიანდება. ეს ლოგიკურიც იქნება, რადგანაც გასული წლის დასაწყისში სწორედ ხაზარაძის გამო დაეძაბა ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან. „ერთიანი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ გასული წლის დასაწყისში გვითხრა, რომ კვირიკაშვილის პოზიციების გასამყარებლად ხაზარაძის პოლიტიკაში შემოყვანას აპირებდა.
„ქართულ ოცნებაში“ მაშინაც და ახლაც რამდენიმე დაჯგუფება არსებობდა. ამ ჯგუფებმა შარშან ღიად დაუწყეს ბრძოლა კვირიკაშვილს. განსაკუთრებული აგრესიულობით ირაკლი კობახიძის ე. წ. ახალგაზრდული ფრთა გამოირჩეოდა. ხაზარაძეც გუნდში პოზიციების გასამყარებლად უნდოდათ.

ეს ინფორმაცია რამდენიმე თვეში დადასტურდა. ივანიშვილი ორივეს გადაეკიდა. ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძრა დაავალა თავის ყოფილ ადვოკატს ანუ მთავარ პროკურორს. კვირიკაშვილი კი მთავრობის მეთაურობიდან გაადო. მაშინ ამაში მთავარ მეოცნებეს გიორგი გახარია დაეხმარა. მას ეგონა, რომ თავად გახდებოდა პრემიერი. იმ დროს ივანიშვილმა ისიც გადააგდო და მამუკა ბახტაძე დასვა მთავრობის მეთაურის სავარძელში.
იმ სკანდალურ შეხვედრაზე, სადაც მისი გადაყენების საკითხი წყდებოდა, კვირიკაშვილი ივანიშვილს დაემუქრა, რომ ამერიკელებს დაურეკავდა და მას ხელს ვერავინ ახლებდა. კონკრეტულად, ის მაიკ პომპეოსთან დარეკვით იმუქრებოდა. „ოცნების“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, კვირიკაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ვაშინგტონთან.
ვერ გეტყვით, იმ მომენტში პომპეოს ნომერი ვერ იპოვა, არ დაურეკა თუ ივანიშვილმა არ მოუსმინა ამერიკელებს, მაგრამ მაშინ კვირკაშვილი გააგდეს. ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ ამერიკა საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდა. ახლა მგონი ჩვენს გარდა არაფერი აინტერესებთ. მამუკა ხაზარაძემაც მყარად მოიკიდა უკვე ფეხი პოლიტიკაში. ასე რომ, კვირიკაშვილს უკვე შეუძლია დაბრუნება.
ის აქამდეც დაბრუნდებოდა, მაგრამ მის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ის 750 მილიონი დოლარი, რომელიც მისი პრემიერობის დროს აორთქლდა. როგორც ამბობენ, რამდენჯერაც გააქტიურება დააპირა, იმდენჯერ დაპირდნენ ამ საქმის ამოქექვას. მისი „პადელნიკები“ ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს.
ყოფილი პრემიერი ცოტა ხნით გაჩერდა, მაგრამ 20 ივნისის დარბევის შემდეგ ისევ გააქტიურდა. ეტყობა, აღარ ეშინია 750 მილიონიანი სკანდალის. ამერიკელებიც აქტიურები არიან და ხაზარაძეც პოლიტიკაშია. ასე რომ, შესაძლოა ძალიან მალე პოლიტიკას კიდევ ერთი კარგად დავიწყებული სახე დაემატოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მის შესაძლო დაბრუნებაზე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც მიანიშნებენ. „ოცნებიდან“ წამოსულთა ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი სიამოვნებით ითანამშრომლებენ ყოფილ პრემიერთან.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ დიალოგს, რადგან არც მათ სჯერათ დესტაბილიზაციით აშენებული ქვეყნის და არეულობით მიღწეული ბედნიერების