არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს 2002 წელს დაბადებულმა ბ.მ.-მ ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა არასრულწლოვნებს: ნ.ჭ.-ს ლ.ფ.-ს და ნ.ყ.-ს. სამივე დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მკურნალობას აგრძელებს, ხოლო ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერნენ.

„პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა არასრულწლოვანი ბ. მ. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ალბათ ზაფხულამდე გაგრძელდება
შემდეგი სტატიააქცია ჭოგნარში – მოსახლეობამ ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ხეები დარგო