თამარ ჩუგოშვილი – მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ალბათ ზაფხულამდე გაგრძელდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ზაფხულამდე გაგრძელდება.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

„კანონპროექტი რამდენიმე პრინციპს უნდა პასუხობდეს. პირველ რიგში, ძალიან მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტია საჭირო, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დონეზე, ასევე პარლამენტის. ამასთან, უნდა იყოს კონკურენტული პროცესი და კონკურსი, რომელშიც როგორც მოქმედ მოსამართლეებს, ასევე სხვა პირებს ექნებათ მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი. უნდა ვაკვირდებოდეთ, გასაუბრების, შერჩევის, კითხვებზე პასუხების გაცემის პროცესს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნული პრინციპები უზრუნველყოფილია.

„ალბათ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ზაფხულამდე გაგრძელდება. პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ვნახავთ და მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ინტერესთა კონფლიქტის საკითხებში, რადგან ამ თემას დიდი მნიშვნელობა აქვს. წინა სიაში საბჭოს წევრები იყვნენ, სამი საბჭოს წევრი იყო და კვორუმზე პირდაპირ აისახება, რაც კენჭისყრისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს პარლამენტში ღია განხილვის დროს, ყველა კანდიდატზე ინდივიდუალური კენჭისყრა იქნება.

„დეპუტატები ხანგრძლივი, საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ წარმოებული დისკუსიების შედეგად გადაწყვეტენ, რომელი მოსამართლეა მისაღები და რომელი – არა. თუ ისინი იმ ტესტს ვერ გაუძლებენ, რაც უნდა გაიარონ, არ გამოვრიცხავ, რამდენიმე კანდიდატურაზე პარლამენტმა უარი თქვას. ეს პროექტი კონკურენტულობას, მაღალ გამჭვირვალობას, დროის ხანგრძლივ პროცესში განხილვასა და ინტერესთა კონფლიქტის მინიმუმადე დაყვანას უზრუნველყოფს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთის ერთადერთი სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს