არასამთავრობოთა წარმომადგენლები 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

მოთხოვნას ჩვიდმეტი ორგანიზაცია აწერს ხელს.

მათი განცხადებით, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო პირების დაზიანების კუთხით გამოძიება სწრაფად და ეფექტურად არ მიმდინარეობს, საზოგადოებას კი სათანადო ინფორმაცია არ მიეწოდება.

მესამე სექტორის წარმომადგენლები და 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირების უფლებების დამცველები ეჭვობენ, რომ სახელმწიფოს არ სურს, აღიაროს ზიანი, რომელიც მოქალაქეებს სამართალდამცაველებისგან მიადგათ.

მათივე თქმით, პროკურატურის არგუმენტი, რომ კონკრეტული პირების დაზარალებულად ცნობის საშუალებას კანონმდებლობა არ იძლევა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენს წარმოებაში არის 25 საქმე. თექვსმეტთან დაკავშირებით, როგორც პროკურატურამ, ისე სასამართლომ სრულიად აბსურდული და უკანონო არგუმენტებით უკვე უარი განაცხადა. ცხრა პირთან დაკავშირებით ჩვენ გასულ კვირას მივმართეთ. აღნიშნულ 25 პირს შორის არიან მედიასაშუალებების წარმომადგენლები. მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, პოლიტიკურ ნებაშია. გამოძიებას არ სურს, მიიღოს გადაწყვეტილება ათეულობით პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. პირველი მიზეზი არის ის, რომ ამ ადამიანებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ საქმის მასალებს და გამოძიება დიდი ალბათობით არასწორად მიმდინარეობს. მეორე – ათეულობით ადამიანის სტატუსის მიღებით შესაძლოა, გამოიკვეთოს სისტემური პრობლემა. თუ პროკურატურას სურს სტატუსის მინიჭება, არანაირი კანონმდებლობის პრობლემა არ არსებობს და არანაირი ექსპერტიზების ჩატარება არ არის საჭირო, რომ მაგალითად ირაკლი ხვედეგიანს, მაკო გომურს, გიორგი სულუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. არანაირ შემხებლობაში არ არის კონკრეტული პირის იდენტიფიცირება, იმისთვის რომ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. კანონი რასაც ამბობს, მთავარი მოთხოვნა არის დანაშაული და ზიანი, ერთიც და მეორეც იყო სახეზე“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

სალაძე ვარაუდობს, რომ მალე დაიწყება მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია დაზარალებულებთან, ვინც უნდა ფლობდეს აღნიშნულ სტატუსს და არ აქვს მინიჭებული. კომუნიკაციის შემდეგ, დიდი ალბათობით, ძალიან მალე დავიწყებთ მუშაობას დოკუმენტზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება”,- განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფება
შემდეგი სტატიაჰუბერტ ქნირში : კარგი იქნებოდა, ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ