არასამთავრობოთა ნაწილი მიხეილ ჯანელიძეს ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართვის თხოვნით მიმართავს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 18, 2018 13:58

არასამთავრობოთა ნაწილი მიხეილ ჯანელიძეს ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართვის თხოვნით მიმართავს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის შესახებ წერილობით მიმართა.

როგორც არასამთავრობოების მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისადმი მიწერილ წერილშია ნათქვამი, 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ. აღნიშნული ცვლილებების შედეგად ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

“გვსურს, ხაზი გავუსვათ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოყალიბდა ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას და მეორე მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა ჩავრთულიყავით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმებისა და საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, დაეფუძნება რა უკვე არსებულ გამოცდილებას.

გვსურს მოგმართოთ თხოვნით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოგვცეთ საშუალება ჩავერთოთ 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შემდეგი მიმართულებებით: მართლმსაჯულება, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, წამება და არასათანადო მოპყრობა, თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, პროფესიულ გაერთიანებათა უფლებები და შრომის ძირითადი სტანდარტები და გარემოს დაცვა.

ხელმომწერი ორგანიზაციები ღია ვართ თანამშრომლობისათვის და დაველოდებით სამუშაო ფორმატისა და თქვენი უწყებიდან შესაბამისი საკონტაქტო პირის განსაზღვრას”, – აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, კავშირი “საფარი”, “მწვანე ალტერნატივა”.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 18, 2018 13:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics